რუსთავიდან თბილისის, კერძოდ, სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა დროებით შეჩერებულია. აღნიშნულ ხაზზე დასაქმებული მძღოლები, კომპანია ,,ინტერტრანსისგან“ დაწესებული ყოველდღიური გადასახადის 55 ლარიდან 40 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, თანხას ვერ იხდიან.
კომპანია ,,ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობასა და აღნიშნულ მარშრუტზე დასაქმებულ მიკროავტობუსების მძღოლებს შორის, დღიურად გადასახდელი თანხის თაობაზე თავდაპირველად შეთანხმება შედგა და 85 ლარიდან ყოველდღიური გადასახადი 55 ლარამდე შემცირდა. კომპანიაში დასაქმებული მძღოლების განცხადებით, მათ აღნიშნული თანხის შემცირება კიდევ მოითხოვეს, რაზეც ხელმძღვანელობისგან უარი და სამუშაო პროცესის შეჩერების მითითება მიიღეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ კომპანია ,,ინტერტრანსში“ განუცხადეს, ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. კომპანიის ინფორმაციით, 2 დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება, თუმცა მოგვიანებით მათგან აღნიშნული თანხის გადახდაზე კვლავ უარი მიიღეს.
,,კომპანია ,,ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობა დათანხმდა იმ მოთხოვნას, რაც მძღოლებს ჰქონდათ დღიურ გეგმასთან დაკავშირებით. დღეს კი მათ გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადეს. კომპანიამ რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, დაწესებული გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ. არც ერთი მძღოლი არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან. რაც შეეხება მგზავრებს, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია. ,,ინტერტრანსი“ აგრძელებს მგზავრთა ნაკადის შესწავლის პროცესს და შესაძლოა კვლავ გადაიხედოს აღნიშნული საკითხი ", - აცხადებენ კომპანია ,,ინტერტრანსში“.
ამ დრომდე, სპორტის სასახლიდან რუსთავში მიმავალ მგზავრებს, ქალაქში დასაბრუნებლად ალტერნატიული ტრანსპორტის მოძიება უწევთ, ვინაიდან აღნიშნულ ხაზზე ,,ინტერტრანსის" მიკროავტობუსები არ მოძრაობს.