საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“, კონტროლის ახალი მექანიზმი შემუშავდა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.
უწყების სტრუქტურაში გატარებული ცვლილების შედეგად, რამდენიმე დღეა ფუნქციონირება დაიწყო შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, რომელიც საქმიანობას დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების სრული დაცვით განახორციელებს.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთ მოთხოვნას სწორედ შიდა აუდიტის სუბიექტების საჯარო სექტორში იმპლემენტაცია წარმოადგენს. ახალი სტრუქტურული ერთეულის მიზანია რისკის ოპტიმალურ დონემდე შემცირება, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. საქპატენტის ხელმძღვანელობის მხრიდან ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნას საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც 2019 წლის აუდიტის ანგარიშში აქცენტი შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებაზე, დანერგვაზე და შენარჩუნებაზე გაკეთდა. დეპარტამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების ირგვლივ რეაგირების მონიტორინგი. შიდა აუდიტის დეპარტამენტთან დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: audit@sakpatenti.gov.ge ,“-ნათქვამია ინფორმაციაში.