სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები, COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის შესაძლოა, 100 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდნენ

სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები, COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის შესაძლოა, 100 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, ამჟამად მუშავდება ტექნიკური რეგლამენტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების კანონს მოერგოს და სწორედ ამ კანონის მიხედვით დარეგულირდება ჯარიმის ოდენობა, რომელიც კომპანიებს დარღვევებთან დაკავშირებული გაფრთხილების შემდეგ შეიძლება დაეკისროთ.

„კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ ეტაპზე ვითარება დამაკმაყოფილებელია. უშუალოდ ინსპექტირებაზე გადავალთ, როდესაც ეკონომიკის გახსნას სრულად დავასრულებთ. ვმუშაობთ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შემუშავებაზე, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს მოვარგოთ და მის ფარგლებში მოხდეს COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმება. თუ მსუბუქი იქნება დარღვევები, პირველ ეტაპზე, გაფრთხილებას გამოვიყენებთ, მეორე ეტაპზე - ჯარიმას, ხოლო უკიდურესად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, სამუშაო პროცესის შეჩერდება მოხდება. ჯარიმები დიფერენცირებული იქნება კომპანიების ბრუნვის მიხედვით. შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე, 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიისთვის ჯარიმა თითოეულ დარღვევაზე 100 ლარია, 100 000-დან 500 000 ლარამდე ბრუნვის კომპანიებისთვის 600 ლარი, ხოლო 500 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანიისთვის, 1000 ლარი,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 583 სასტუმროში დაიგეგმა შემოწმება, საიდანაც 111 სასტუმრომ დააკმაყოფილა მოთხოვნები და გახსნილია, 146-მა ვერ დააკმაყოფილა, ხოლო 326-მა დრო ითხოვა ინსპექტირებისთვის მოსამზადებლად.

შეგახსენებთ, 8 ივნისიდან, მუშაობა სრულად განაახლეს რესტორნებმა და კაფე-ბარებმა. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დასაშვები გახდა სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი ობიექტების საქმიანობა.