საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 11 ივნისის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 ფინანსზე“. („4 ფინანსე“ ბაზარზე vivus.ge-ს ბრენდით ოპერირებს) განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.
ცნობისათვის, Vivus.ge არის ჯგუფი „4Finance“-ის ბრენდი, რომლის მთავარი პროდუქტიც ონლაინ სესხები გახლავთ. აღნიშნული კომპანია საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და ოპერირება დაიწყო როგორც ონლაინ-სესხების გამცემმა ორგანიზაცია. 2017 წელს კი vivus-მა სტატუსი შეიცვალა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ოქტომბერში - 50; ნოემბერ-დეკემებრში - 48; 2020 წლის იანვარში - 46 იყო; თებერვალში - 45; ხოლო მარტ-აპრილში მათი რიცხვი 43 იყო.