რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?

11 ივნისის მონაცემებით, ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 38 აშშ დოლარია, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი კი 40.22 აშშ დოლარი. გასულ თვეებთან შედარებით, ივნისის დასაწყისში ნავთობის ფასმა მკვეთრად მოიმატა.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ ბარელ ბრენტის ტიპის ნავთობზე მინიმალური ფასი - 19.33 აშშ დოლარი 21 აპრილს დაფიქსირდა, რამაც საწვავის ფასის მკვეთრი ვარდნა განაპირობა.

საქართველოში საწვავის ფასწარმოქმნას ორი ფაქტორი განაპირობებს: ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე და ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მცურავია. შესაბამისად, მათი ცვალებადობის დინამიკა პირდაპირ აისახება ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე.

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც როგორ ოპეკის შეთანხმებამ, ისე საწვავზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

„ჩვენთან ბოლო 3-თვიან ჭრილს ანუ კარანტინის პერიოდს თუ ავიღებთ, ფასების შემცირება საცალო ქსელში საშუალოდ, 70-80 თეთრით დაფიქსირდა აბსოლუტურად ყველა ოპერატორზე, მაგრამ იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები არის გაზრდილი, საქართველოს საბითუმო ბაზარზეც მოიმატა ფასმა. ამის შედეგად, ზოგიერთ არაბრენდირებულ გასამართ სადგურზე დაფიქსირდა საშუალოდ, 5 თეთრით ფასებით მატება“, - განმარტა მან.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, მოკლევადიანი პროგნოზით ბრენდულ გასამართ სადგურებზე ფასები შეიძლება, სტაბილური დარჩეს, ხოლო არაბრენდულებზე ისევ დაკორექტირდეს და მცირედით გაიზარდოს.

მისივე განმარტებით, მომხმარებლების დიდი ნაწილი სარგებლობს ლოიალური მომხმარებლის ბარათებით, რაც საშუალებას აძლევთ, საწვავი ზოგად ფასებთან შედარებით უფრო იაფად შეიძინონ.

„შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა მომხმარებელს აქვს ლოიალური მომხმარებლის ბარათი და შესაძლოა, ერთი მომხმარებელი ყველა კომპანიის ბარათითაც სარგებლობდეს. გარდა იმისა, რომ ქსელურ გასამართ სადგურებს კონკრეტულ ნიშნულზე აქვთ ფასი, ისინი შაბათ-კვირას საკმაოდ კარგი შეთავაზება აქვთ მომხმარებლებთან - 15%-35%-იც კი, რაც საშუალოდ, 10-15-20-თეთრიანი ფასდაკლებაა და რეალურად, მომხმარებელი არსებულ ფასებთან შედარებით, გაცილებით დაბალი ღირებულებით იღებს საწვავს“, - განმარტა ნავთობიომპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

როგორია საწვავის ფასები დღეს? – 10 ივნისის მონაცემებით, ჩვენ რამდენიმე ბრენდული საწვავის ღირებულება შევადარეთ:

  • რეგულარი – „ლუკოილი“ – 1.78 ლარი; „სოკარი“ – 1.80 ლარი; „ვისოლი“ – 1.80; „გალფი“ – 1.89 ლარი, „რომპეტროლი“ – 1.89 ლარი.
  • პრემიუმი - „ლუკოილი“ – 1.89 ლარი; „სოკარი“ – 1.90 ლარი; „გალფი“ – 1.94; „ვისოლი“ – 1.95 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.99.
  • სუპერი - „სოკარი“ – 2.10 ლარი; „ვისოლი“ – 2.12 ლარი; „ლუკოილი“ – 2.13; „გალფი“ – 2.14 ლარი; „რომპეტროლი“ – 2.18 ლარი.
  • დიზელი - „სოკარი“ – 1.80; „ვისოლი“ – 1.92.
  • ევრო დიზელი - „გალფი“ და „ლუკოილი“– 1.89 ლარი; „სოკარი“ – 1.90; „რომპეტროლი“ – 1.95 ლარი; „ვისოლი“ – 1.97 ლარი.
  • ბუნებრივი აირი (CNG) - „სოკარი“ – 1.30 ლარი; “გალფი“ – 1.39 ლარი; „ვისოლი“ – 1.39 ლარი.

ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებითა და ლოიალური მომხმარებლის ბარათით სარგებლობა შეუძლიათ, ამიტომ 10 ივნისის ფასდაკლებებით საწვავის ფასები ასეთი იყო:

  • რეგულარი – „ვისოლი“ – 1.70 ლარი; „ლუკოილი“ – 1.70 ლარი; „სოკარი“ – 1.71 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.77 ლარი; „გალფი“ – 1.79 ლარი.
  • პრემიუმი - „ლუკოილი“ – 1.79; „სოკარი“ – 1.81; „გალფი“ – 1.84; „ვისოლი“ – 1.85; „რომპეტროლი“ – 1.87 ლარი.
  • სუპერი - „სოკარი“ – 2.01 ლარი; „ვისოლი“ – 2.02 ლარი; „ლუკოილი“ – 2.03; „გალფი“ – 2.04 ლარი; „რომპეტროლი“ – 2.06 ლარი.
  • დიზელი - „სოკარი“ – 1.71; „ვისოლი“ – 1.82 ლარი.
  • ევრო დიზელი - „გალფი“ და „ლუკოილი“– 1.79 ლარი; „სოკარი“ – 1.81 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.83 ლარი; „ვისოლი“ – 1.87 ლარი.
  • ბუნებრივი აირი (CNG) - „სოკარი“ – 1.25 ლარი; “გალფი“ – 1.29 ლარი; „ვისოლი“ – 1.34 ლარი ლარი.

საწვავზე შემცირებულ ფასებს ლოიალური მომხმარებლის ბარათები კიდევ უფრო ამცირებს და საბოლოო ჯამში, დღეს საწვავი ხელმისაწვომ პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა უცნობია, დაუბრუნდება თუ არა მისი ფასი ძველ ნიშნულს.