„ფინანსთა მინისტრო, ორი დღის უკან თქვენმა საგადასახადო სამსახურმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა „ფრესკოსთვის“ ფულის ახევა“ - ამის შესახებ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე „ფრესკოს“ ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ავრცელებს.
„ბატონო ივანე მაჭავარიანო, ფინანსთა მინისტრო, კითხვა მაქვს თქვენთან - ვინ ბრძანდებით თქვენ - უნიათო მინისტრი თუ გამომძალველი? მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. ორი დღის უკან თქვენმა საგადასახადო სამსახურმა ყოველგვარ ლოგიკას, კანონს, ყოველგვარ ჭეშმარიტებას და საფუძველს მოკლებული ქმედებებით, კიდევ ერთხელ გადაწყვიტა „ფრესკოსთვის“ ფულის ახევა.
კითხვა მაქვს თქვენთან - ვინ ბრძანდებით? თუ „ფრესკო“ დამნაშავეა ამ 3 წლის განმავლობაში, რაც ეს საქმე მიდის, რატომ ვერ დააჯარიმეთ? თუ იცით რომ მართალია რატომ არ შეეშვებით? იმიტომ რომ რეკეტს ატარებთ? 3 წელიწადია ჰაერში გყავთ ჩამოკიდებული ამხელა კომპანია, რომელმაც პანდემიის დროსაც საქართველოს ბიუჯეტში მილიონზე მეტი შეიტანა.
მეორე კითხვა - მითხარით, გაასაჯაროეთ - რა მიზნით, რამდენი გადაუხადეთ ბიუჯეტიდან „კარფურს“ ფასების დასტაბილურებისთვის? ამიხსენით როგორ აკეთებდა „კარფური“ ფასების სტაბილიზაციას თუ ამ პერიოდში „ფრესკოზე“ მეტად ყიდდა ამ პროდუქციას და ნაწილი ამ პროდუქტების საერთოდ არ ედო მარკეტებში?
კითხვა მესამე, ბატონო ივანე - როგორ ახერხებთ, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღამის საათებში ღებულობდით, საღამოს გამოგვიცხადებდით და დილას ეს კანონები უკვე ძალაში შედიოდა. შესაბამისად, კომენდანტის საათის პერიოდში, ღამის რამდენიმე საათი გვქონდა, რათა დაგველაგებინა სიტუაცია, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში რამდენიმე დღე სჭირდება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაქვს გარანტია, რომ თქვენ კიდევ მილიონობით პრობლემებს არ შემიქმნით, რომ გააჩეროთ „ფრესკო“ ანუ ბიზნესი, რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ ვერ მოაქციეთ.
გუშინ პრემიერმა განაცხადა რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ - „ქართული ოცნება“ თავისი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ტყუილად დაირქვით „ქართული ოცნება“, უნდა გერქვათ აუხდენელი ოცნება, ქართულ-ჯიგრული ოცნება, თქვენ საქართველოს ოცნება ნამდვილად არ ხართ. ველი პასუხს, ბატონო ივანე - როდის შეგვეშვებით მე და ჩემ კომპანიას, ხომ იცით რომ არაფერს დაგითმობთ და ვერაფერს წაიღებთ ჩემგან?,“-აცხადებს სოფრომაძე.