რამდენით დაჯარიმდებით ქორწილის, ქელეხის, იუბილის, ნათლობისა და სხვა ტიპის თავყრილობის გამართვის შემთხვევაში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დაჯარიმდება და 2000-ლარიანი ჯარიმა გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე 10 000-ლარიანი ჯარიმა იურიდიული პირის მიმართ.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამაც მკითხა, როდემდე არის შეზღუდვები ქორწილების გადახდასთან დაკავშირებით. სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, რა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე. პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა, თუ ეს სიტუაცია იმდენად კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია იყოს, მაგრამ წესი არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც პირობითად, სექტემბერში. ეს არის ყოველდღიური განხილვის საკითხი ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ექსპერტების და საკოორდინაციო საბჭოსი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.