Zara-ს და Bershka-ს მფლობელი Inditex-ი მსოფლიო მასშტაბით 1 200-მდე მაღაზიას დახურავს

ტანსაცმლის მაღაზიათა უმსხვილესი ქსელი Inditex-ი მსოფლიოს მასშტაბით 1000-დან 1 200-მდე სავაჭრო ობიექტს დახურავს. როგორც The Guardian-ი წერს, ესპანურმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემცირებული გაყიდვების გამო მიიღო. ამ ეტაპზე რითეილერი ცდილობს, რომ ონლაინ გაყიდვები გაზარდოს. The Guardian-ის ცნობით, დაიხურება როგორც Zara-ს, და Bershka-ს, ასევე Pull & Bear-ის, Massimo Dutti-ს, Oysho-ს და Stradivarius-ის მაღაზიები.

მაღაზიების უმეტესობა დაიხურება აზიასა და ევროპაში. საერთო ჯამში Inditex-ს 7 412 მაღაზია აქვს, რეორგანიზაციის შემდეგ ეს რიცხვი დაახლოებით 6 700-6 900-მდე შემცირდება. თუმცა ამის ფონზე, რითეილერი დამატებით 450 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები არ იმოქმედებს დასაქმებულთა რაოდენობაზე. დახურული მაღაზიის თანამშრომლებს შესთავაზებენ სხვა სამუშაოს, მაგალითად, ონლაინ შესყიდვების მიწოდებას.

The Guardian-ის ცნობით, Inditex-ის ბრენდების ონლაინ გაყიდვები კვარტალში 50% –ით, აპრილში კი 95% –ით გაიზარდა. თუმცა პანდემიის გამო კომპანიას გაყიდვები 44%-ით, 3.3 მილიარდ ევრომდე შეუმცირდა. კომპანიის ინფორმაციით, პირველ კვარტალში წმინდა ზარალმა 409 მილიონი ევრო შეადგინა.

Inditex-ის ახალი გეგმის მიხედვით, ონლაინ გაყიდვებმა 2022 წლისთვის მთლიანი გაყიდვების 25% უნდა შეადგინოს, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 14% იყო. მეტიც, Inditex-ის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა 2022 წლისთვის ონლაინ გაყიდვების მიმართულებით 1 მლრდ ევროს დახარჯვას გეგმავს. ასევე 1,7 მლრდ ევროს დახარჯავს მაღაზიების ვებ-გვერდებისთვის.