თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. წლის ბოლოს სრულად მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა გვექნება, რითაც ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებს შევუქმნით,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

მინისტრის თქმით, ყველა რეფორმა სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება.

„ყველა რეფორმა რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება. ეს იყო მთავარი მოტივაცია, როდესაც 2020 წელი გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. ეს პრობლემები არ ყოფილა რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი, ეს პრაქტიკულად დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებული პრობლემებია, რომლებიც ვერ გადაჭრა ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ. დავიწყეთ პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, დაახლოებით 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. პანდემიის მიუხედავად, დღეს უკვე სამუშაოები 50 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები. ,“-განაცხადა ღარიბაშვილმა.