"როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა, ვუთხარით საყვედური, ახლა „აირზენას“ ეკუთვნის მადლობა"

კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი დავაბრუნოთ სამშობლოში, ვისაც ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შეუქმნას სახელმწიფომ.

„პირველ რიგში, გულწრფელად მიხარია, რომ ჯანმრთელებს გხედავთ და გხედავთ სამშობლოში. სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი მოქალაქეა, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ, არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინც სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ, ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მაგრამ ეს გამოწვევა იყო ყველასთვის მოულოდნელი, შოკისმომგვრელი, ხშირ შემთხვევაში ეს იმართებოდა მანუალურად, არანაირი გამოცდილება, არანაირი მაგალითის ძალა არ გვქონდა. ყველაფერთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა მოყვებოდა, როცა პატარა ქვეყანა ხარ, რესურსები შეზღუდული გაქვს. როცა თითოეულ ლარს ითვლი, რა თქმა უნდა, აქ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო. ზალკალიანი ხშირად აყენებდა საკითხს რომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა, არ არის აქ არაფერი გმირობის ტოლფასი საქციელი, ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება და დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ რაც შეძლო გააკეთა.

„ვცდილობდით მივსულიყავით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევამდე. მე ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა თითოეული ქვეყნის საელჩოსთან. ეს უკიდურესად ემოციური და მძიმე იყო, თუმცა არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ეს დასრულდა, კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი დავაბრუნოთ სამშობლოში, ვისაც ამის სურვილი აქვს. ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში შრომის და არსებობის ღირსეული პირობები შევუქმნათ. არაფერს ვამბობთ ახალგაზრდებზე. მათ უნდა იარონ, ნახონ და ჩამოიტანონ გამოცდილება. მაგრამ უკეთესია, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდეთ აქ. ეს ეპიდემიაც უნდა გადავლახოთ და აქაც უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ მადლობის თქმაც შეგვიძლია და საყვედურისაც. როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა, ვუთხარით საყვედური, ახლა ეკუთვნის მადლობა და „აირზენას“ ახლა მადლობა უნდა გადავუხადოთ,“ - განაცხადა პრემიერმა.