"სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად, არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, დიდი დაბადების დღეების გადახდა"

იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად, არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ დიდ სოციალურ შეკრებებზე. არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების გადახდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

„იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება, არავის არ გვინდა ეს, უბრალოდ ცოტა მეტი ძალა უნდა დავატანოთ ჩვენს თავს, ცოტა მეტად სერიოზულად უნდა აღვიქვათ რაღაცები, ცოტა მეტი ორგანიზებულობა და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. კი არ ვიამაყოთ იმით, რომ რაღაცას მივაღწიეთ, არამედ ეს შევინარჩუნოთ და მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ. მართლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს. უკიდურესად მნიშვნელოვანია. არ არის ეს ზედმეტი მოთხოვნა. იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად, არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ დიდ სოციალურ შეკრებებზე. არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების გადახდა. უბრალოდ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მეტი პასუხისმგბელობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეტი აუცილებლობაა იმის, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავს უნდა დაუწესოს თვითშეზღუდვა.

„ჩვენ ამ შედეგს მობილობის შემცირებით მივაღწიეთ. ახლა, როცა მობილობა იზრდება, პასუხისმგებლობა უფრო მეტი უნდა იყოს. გავიგე, რომ ჯანდაცვის სისტემას დრო მივეცით. გავიგეთ, რომ ადამიანებმა უფრო გაიაზრეს რა ხდება, გავიგეთ, რომ ეკონომიკური აქტივობები უფრო სხვანაირად იქნება და რაღაც წესების დაცვა აუცილებელი იქნება. მერწმუნეთ, რომ პასუხისმგებლობა უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი. როცა ტრანსპორტის გადაადგილება და კიდევ რაღაცები იყო შეზღუდული, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელებაც შევზღუდეთ. მაგრამ როცა მოვხსენით ყველაფერი, ადამიანებმა ოჯახები რომ არჩინონ და ყველანი ვმოძრაობთ, ჩვენ ჩვენ თავს უნდა დავუწესოთ თვითშეზღუდვა, ეს უნდა იყოს გააზრებული. აბსოლუტურად გააზრებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი თითოეული მოქალაქის. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.