"დამსაქმებლები პასუხისმგებლიანად უნდა დახვდნენ დასაქმებულებს, შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების არანაირი შანსი არ იყოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დამსაქმებლებმა ისეთი სამუშაო პირობები უნდა შეუქმნან დასაქმებულებს, რომ სამუშაო ადგილზე ვირუსის გავრცელების არანაირი შანსი არ იყოს.

როგორც პრემიერმა უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, ვირუსთან ადაპტაცია უნდა ვისწავლოთ.

„არაფერი არ დაგვიმარცხებია ჯერ, არაფერი ლიკვიდირებული არ არის და ეს ვირუსი ჯერ კიდევ სამწუხაროდ, ჩვენთან არის, უნდა მივეჩვიოთ ამასთან ცხვორებას, მოგვიწევს ადაპტაცია, მუდმივად გვეყოლება რაღაც რაოდენობა ინფიცირებული ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ჯანდაცვის სისტემამ სწრაფად უნდა გამოავლინოს, უნდა აღმოაჩინოს სწრაფი და სწორად სტრუქტურირებული ტესტირების სისტემების საშუალებით, შემდგომ სწრაფად უნდა უმკურნალოს გამართული ჰოსპიტალური სისტემის საშუალებით და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში.

კომპანიები, რომლებიც არიან დამსაქმებლები, უნდა დახვდნენ პასუხისმგებლიანად თავიანთ დასაქმებულებს, იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების არანაირი შანსი არ იყოს სამუშაო ადგილებზე. ყველა აქ მივა, ყველა სახელმწიფო აქ მივა, სხვა არ არსებობს, როდესაც გამოწვევა არის გლობალური და არ არსებობს არანაირი დაგროვილი დატა იმისთვის, რომ სწორი პროგნოზი გააკეთო, არავინ არ იცის, ხვალ რა იქნება. ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ერთმანეთზე, არავინ არ იზრუნებს ჩვენზე და ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური, ცალკე აღებული სახელმწიფო ამას ვერ მოერევა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე იმისთვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ და გავხსნათ”, - განაცხადა გახარიამ.