„ყველანაირი ყურადღების მიღმა აღმოვჩნდით“ - ღვინის პატარა მარნები არსებობისთვის იბრძვიან

ღვინის პატარა მარნები გადარჩენისთვის იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერა აღუთქვა, ღვინის მარნები ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ. ეს მაშინ, როდესაც მათ ნაწილი სესხებით აშენდა. პანდემიის პირობებში კი არა მარტო თვითგადარჩენაზე, არამედ ბანკებთან სასესხო ვალდებულებებზეც უწევთ ზრუნვა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „გივის მარნის“ დამფუძნებელი ამბობს, მისთვის უკვე კომპანიის ბედიც გაურკვეველია. გივი სირბილაშვილის თქმით, კორონავირუსის გამო, საქმიანობა მთლიანად შეჩერდა და ამ ეტაპზე მარნისთვის აღებული სესხის, 40 000 ლარის გადახდაც კი უჭირს. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სესხების სუბსიდირება მისთვის ყველაზე დიდი დახმარება იქნებოდა.

პანდემიის გამო 100 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი ვერ შეძლო კიდევ ერთმა მარანმა „აგუნამ“. როგორც კომპანიის დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისთვის, ისევე როგორც სხვა პატარა მარნებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დახმარება მსოფლიო ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებაა.

„გივის მარანის“ დამფუძნებელი გივი სირბილაშვილი: „მარნის მშენებელობა საკუთარი სახსრებით დავიწყეთ, ყველაფერი ჩავდეთ, მაგრამ ბანკის სესხიც დაგვჭირდა. საუბარია, დაახლოებით, 40 000 ლარზე, საიდანაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ 10 000 დავფარეთ. ამხელა სესხის აღება გავრისკეთ იმიტომ, რომ საქმე ძალიან კარგად მიდიოდა. ტურისტების ნაკადი იმდენად დიდი იყო, წინა ზაფხულიდან მარნის ეზოში სასტუმროს ნომრების მშენებელობაც დავიწყეთ. იმდენად მოსწონდათ ქართულ ტრადიციულ გარემოში ადგილობრივი კერძების დაგემოვნება და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომ შემდეგ დარჩენას ითხოვდნენ. კორონავირუსის გამო, ვერც ეს საქმე მივიყვანეთ ბოლომდე და საერთოდ გავაჩერეთ მუშაობა. მარტში უკვე ყველა წინასწარი ჯავშანი გაგვიუქმდა. ახლა სესხიც დასაფარია და წარმოდგენა არ გვაქვს, რით უნდა გადავიხადოთ. არც ის ვიცით, გვეყოლება თუ არა ამ სესზონზე ტურისტები. ამ ვითარებაში ძალიან გვჭირდება სახელმწიფოს თანადგომა. ყველანაირი ყურადღების მიღმა აღმოვჩნდით. ძალიან დაგვეხმარებოდა სესხების სუბსიდირება, ტურისტების მოზიდვაში დახმარება, ცნობადობის ამაღლება. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ და არსებობისთვის ვიბრძვით. ჩვენს მდგომარეობაშია კახეთის რეგიონში მდებარე პატარა მარნების უმრავლესობა“.

ღვინის მარანი „აგუნას“ დირექტორი გედევან დარასელია: „ჩვენი მარანი 2005 წელს ქართულ-ესტონური ინვესტიციით აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ ექსპორტზე, შიდა ბაზარზე დატვირთვა კეთდებოდა ტურისტების ჯგუფების მიღებაზე. ეს არის შატოს ტიპის წარმოება, სადაც ვიღებდით სტუმრებს. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი დაახლოებით, ერთი წლით ადრე იგეგმება, ჩვენ უკვე გაწერილი გვქონდა კონკრეტული შეკვეთები. სამწუხაროდ, პანდემიურმა პირობებმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. მაგალითად, ჩვენი ძირითადი ბაზარი იყო ჩინეთი, სადაც ჩვენგან ექსპორტი შემცირებლია 40%-ზე მეტად. ამან პირდაპირ ჩვენზე იმოქმედა. მხოლოდ ახლა ვიწყებთ ექსპორტზე ღვინის გაშვებას, თუმცა არა ჩინეთის მიმართულებით.

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, დაახლოებით რომ გითხრათ, ამ დროისთვის უკვე 100 000 ბოთლი ღვინო უნდა გაგვეყიდა, რაც საშულოდ, 200 000-300 000 დოლარს უდრის. ეს შემოსავალი კომპანიამ ვერ ნახა. შემოსავლის ნაწილს დარჩენილ პერიოდში სავარაუდოდ, მივიღებთ, მაგრამ სრული წელი წარმატებული ვერანაირად ვერ იქნება“,- ამბობს გედევან დარასელია.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, მარანი „აგუნას“ დირექტორი ამბობს, რომ ახლა მცირე კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, მარკეტინგის და ცნობადობის ამაღლების კუთხით ხელშეწყობაა.

„იმ რეკომენდაციებით, რომელიც სახელმწიფომ გასცა, მარნები ნამდვილად შევძლებთ ტურისტების მიღებას. მთავარია, ვიზიტორების ნაკადი წამოვიდეს, რომ პატარა დადებით იმპულსი მაინც გამოიწვიოს. ვერ გეტყვით, რომ დიდი მოლოდინი მაქვს, თუმცა პატარა შვება იქნებოდა.

ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემაა ცნობადობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღეს მსოფლიო იცნობს და ბევრი ფინანსური რესურსიც იდება ამაში, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ტიპის კომპანიები სხვადასხვა გამოფენებზე წასვლას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, პოტენციურ კლინტებთან კონტაქტის მიმართულებით, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება. იმისთვის, რომ ელექტრიონული მარკეტინგი განხორციელდეს, აუცილებელია შესაბამისი საბუთების, ბუკლეტების, მზა ფოტოების, საიტის ქონა, რისი რესურსიც სამწუხაროდ, პატარა მარნებს არ გაგვაჩნია. ძალიან დაგვეხმარებოდა სახელმწიფო, თუ ამ ნაწილს უზრულველყოფდა“,- აცხადებს გედევან დარასელია.

ტურისტების მოზიდვაში დახმარებაზე საუბრობენ ყვარლის ღვინის მარანშიც. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მარანი ამჟამად მხოლოდ საკუთარ რესურსებზეა დამოკიდებული.

„ჩვენი პატარა მარანია, სადაც 8 ადამიანს ვასაქმებთ. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სეზონზე ტურისტები გვეყოლება, ეს კომპანიას ძალიან სჭირდება. ჩვენ ყველა სტანდარტი დაცული გვაქვს და მზად ვართ მათ მისაღებად“,- აცხადებენ „ყვარლის ღვინის მარანში“.

ნინი ქეთელაური