ვაკანსიების რაოდენობა იზრდება - რა პროფესიებზე გაჩნდა მოთხოვნა ლოქდაუნის შემდეგ

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაჩერდა, რაც ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

როგორც დასაქმების სააგენტოებში აცხადებენ, ბაზარზე ვაკანსიების შემცირება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო და მაისამდე გაგრძელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, პანდემიის პერიოდში რომელ პროფესიებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა და შესაბამისად, ამ პერიოდში რა სახის ვაკანსიები იდება დასაქმების საიტებზე ყველაზე ხშირად.

განცხადებების პლათფორმა SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ 2020 წლის მარტში ყველაზე ხშირად განცხადებები შემდეგ ვაკანსიებზე დაიდო:

  • გამყიდველი, მოლარე - 204
  • დამლაგებელი, მრეცხავი - 153
  • მზარეული, მცხობელი - 197
  • ძიძა, მომვლელი, დამხმარე - 163
  • საოფისე საქმე, მდივანი - 42

მარტთან შედარებით აპრილში ვაკანსიები რაოდენობა საიტზე მნიშვნელოვნად შემცირდა.

  • გამყიდველი, მოლარე - 53
  • დამლაგებელი, მრეცხავი - 27
  • მზარეული, მცხობელი - 72
  • ძიძა, მომვლელი, დამხმარე - 141
  • საოფისე საქმე, მდივანი - 10

თუმცა მაისიდან საიტზე ვაკანსიების რაოდენობა ისევ გაიზარდა.

  • გამყიდველი, მოლარე - 230
  • დამლაგებელი, მრეცხავი - 202
  • მზარეული, მცხობელი - 196
  • ძიძა, მომვლელი, დამხმარე - 153
  • საოფისე საქმე, მდივანი - 55

რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიებს, როგორც SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, პანდემიის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: გამყიდველი, მოლარე, დამლაგებელი, მრეცხავი, დაცვა, კურიერი, მზარეული, მცხობელი, მძღოლი, რემონტი, მშენებლობა, საოფისე საქმე, მდივანი და ძიძა, მომვლელი.

როგორც დასაქმების სააგენტო hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მარტში თებერვალთან შედარებით, საიტზე ვაკანსიების რაოდენობა 60%-ით შემცირდა.

„ვაკანსიების შემცირება დაახლოებით 10 მარტიდან დაიწყო. აპრილში ვაკანსიების რაოდენობა კოლოსალურად დაბალი იყო. ჩვენთან დღეში დაახლოებით 200-250 ვაკანსია იდებოდა, აპრილში ეს მაჩვენებელი 20-25 იყო.

ვაკანსიების კლება განსაკუთრებით სასტუმროს მიმართულებებს შეეხო. აქტიურობის კუთხით, მხოლოდ რითეილები აქტიურობდნენ. ასევე ვისაც ონლაინ გაყიდვები ჰქონდა, რომელსაც ძირითადად ვაკანსიები ქოლ-ცენტრის ოპერატორებზე და კურიერებზე მოდიოდა. კურიერები ასეთი მოთხოვნადი არასდროს არ ყოფილა. პანდემიის პერიოდში ასევე მოთხოვნადი იყო აიტი მიმართულები. ძალიან ბევრი კომპანია დისტანციურ სამუშაოზე გადავიდა და ინტერნეტიზაცია მიდიოდა, ამიტომ თითქმის ყველა კომპანიას ამ სფეროს წარმომადგენელი დასჭირდა“, - განაცხადა შახბაზიანმა.

მისი თქმით, მაისის შუა პერიოდიდან ვაკანსიების მატება დაიწყო. მისივე თქმით, ივლისში ვაკანსიების რაოდენობის ძველ რაოდენობამდე დაბრუნებას ვარაუდობს.

„მაისის შუა პერიოდიდან დღეში 20 ვაკანსიიდან გაიზარდა 40-მდე. ივნისში უკვე ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, რაც ვაკანსიების მატებაზეც მოქმედებს. გამოჩნდა ისეთი ვაკანსიები, როგორიცაა სასტუმროს მიმართულებები. ამ სფეროს ჩვენთან ვაკანსიების დაახლოებით 15% ეჭირა. იმედი მაქვს რომ ივლისიდან ძველ ნიშნულს დავუბრუნდებით.

პანდემიის პერიოდში ძირითადი მოთხოვნა დედაქალაქში იყო. დაახლოებით ვაკანსიების 95% თბილისში იდებოდა, თუმცა მაისის ბოლოდან ვაკანსიების გამოქვეყნება ყველა რეგიონში დაიწყო“, - განაცხადა შახბაზიანმა.

ლიკა ამირაშვილი