პარიზის პოლიცია ბიზნესობიექტების მფლობელებს დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს

ფრანგი სამართალდამცავები პარიზში ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო დედაქალაქის ცენტრში არსებული ბიზნესობიექტების მფლობელებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რესპუბლიკისა და ოპერის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველა ბარი და რესტორანი, ასევე ყველა სავაჭრო ობიექტი შაბათს საღამოს დაკეტილი უნდა იყოს.

ტერიტორიაზე არ უნდა იყოს განთავსებული ისეთი ნივთები, რაც შესაძლოა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ თავდასხმის იარაღად იქნას გამოყენებული.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პარიზში ხვალ საპროტესტო მსვლელობა გაიმართება, რომლის მონაწილეები 2016 წელს პოლიციელების მიერ დაკავებისას დაღუპული ადამა ტრაორეს მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მსვლელობის მოწყობას ოფიციალურად არ უკრძალავენ, თუმცა ახსენებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში 10 პირზე მეტის შეკრება დასაშვები არ არის.