საფრანგეთი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან, საზღვრების გახსნას 1 ივლისიდან ეტაპობრივად იწყებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და საფრანგეთი ევროკავშირის მიერ დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად იმოქმედებს.
„საზღვრების გახსნის პროცესი ეტაპობრივი იქნება და თითოეულ ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესაბამისად განხორციელდება,“- ნათქვამია ჟან-ივ ლე დრიანისა და კრისტოფ კასტანერის ერთობლივ განცხადებაში.
საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების ინფორმაციით, საფრანგეთი შენგენის ზონის ქვეყნებისთვის სასაზღვრო შეზღუდვებს 15 ივნისს მოხსნის.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გარე საზღვრების გახსნა 1 ივლისიდან ეტაპობრივად დაიწყონ.