საქართველოში კორონავირუსით მე -14 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მისი ინფორმაციით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან.
„პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა "კოვიდ 19". გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. იცით, რომ ყველა კრიტიკული პაციენტი ჩვენთან გადმოდის. ეს პაციენტი გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო.