შიდა ქართლის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტში, სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.
„მოვუწოდებთ ფერმერებს, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
ნუგზარ სამხარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გამოიყენონ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი და იყვნენ დაცულები.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, ფერმერს, თამარ მიჩიტაშვილს სეტყვის შედეგად, ვაშლის ბაღში მოსავლის 75% გაუნადგურდა. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ბენეფიციარს დაახლოებით 80,000 ლარს აუნაზღაურებს. ფერმერმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო; მისმა გადახდილმა თანხამ 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის, 3,000 ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობამ -7,000 ლარი.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, არ მოქმედებს ფართობის ლიმიტი და სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარს შეადგენს.
2020 წლის მაისის თვის მდგომარეობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 10,899 პოლისი. პროგრამაში ჩართულია 5,568 ბენეფიციარი. დაზღვეულია 10,000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 107 მილიონ ლარს აღემატება.