საქართველოს სახელმწიფო ვალი მხოლოდ წლეულს დაახლოებით 8 მილიარდი ლარით გაიზრდება, ხოლო მისი ჯამური მოცულობა 27 მილიარდ ლარსა და მთლიანი შიდა პროდუქტის 55%-ზე მეტს მიაღწევს, რითაც კრიტიკულ 60%-იან ზღვარს მიუახლოვდება.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 2013 წლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა. საქართველოს თითოეული მოქალაქის წილად 7000 ლარზე მეტი ოდენობის ვალის ტვირთი მოდის. რისთვის იღებს საქართველო ვალებს, როგორ გაისტუმრებს და რა რისკებს შეიცავს საშინაო და საგარეო ვალის ზრდა როგორც ქვეყნისთვის, ისე ყოველი მოქალაქისთვის? - ამ შეკითხვებით მივმართეთ ეკონომისტსა და სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს:
- ვერ ვიტყვით, რომ ვალის არსებული მოცულობა ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდულია, რადგან ამაზე მეტიც გვქონია. მაგალითად, 2000 წელს ვალის ჯამური თანაფარდობა მშპ-სთან 67,7% იყო, 2001-2003 წლებშიც ვალის სიდიდე მშპ-ის 60%-ს აღწევდა. მთავარი ვალის სიდიდე კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ ვიყენებთ და რა ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. ვალს აქვს დატვირთვა და მიზნობრიობა, ის შეიძლება იყოს საინვესტიციო ან სამომხმარებლო დანიშნულების, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის უნდა შეესაბამებოდეს ეკონომიკის მასშტაბებს. საგარეო ვალი ორი კრიტერიუმით ფასდება - როგორია მისი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან და როგორია მისი აბსოლუტური სიდიდე. თუ ამ თვალსაზრისით ბოლო 20 წელიწადს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ თუ სახელმწიფოს ვალი 10%-ით იზრდებოდა, ქვეყნის ეკონომიკა 1,5-ჯერ სწრაფად იმატებდა. შესაბამისად, ამ გრძელვადიან ტენდენციებს თუ შევადარებთ, ეკონომიკის ზრდა ყოველთვის წინ უსწრებდა ვალის ზრდას. ამიტომ ვალს მაღალი გამოყენებითი ღირებულება აქვს. ჩვენი ეკონომიკის ზრდა ვერ იქნებოდა ამ მასშტაბის, რომ არა საგარეო წყაროებიდან მოზიდული რესურსები. ვალს ჩვენ ქვეყნის შიგნითაც ვიღებთ, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფო ვალის 4/5 და ზოგჯერ მეტიც ქვეყნის გარედან მოზიდულ სახსრებზე მოდის. აღებული სესხი წამალივითაა - განსაზღვრული, ოპტიმალური დოზა მის მიმღებს შველის, ფეხზე დააყენებს, პრობლემებს დააძლევინებს, ხოლო, თუ დოზა დანიშნულზე მეტია, არასათანადოა ან არადანიშნულებისამებრ არის გამოყენებული, მან სხეულს - ის ადამიანის იქნება, ორგანიზაციის თუ მთელი სახელმწიფოსი, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, თვით ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმდენად თავად სესხის აღების ფაქტს, რამდენადაც მის ზომას და ეფექტიან, მიზნობრივ გამოყენებას.სხვათა შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას სახელმწიფო ვალი, პრაქტიკულად, არ ჰქონია. ამასთან, კარგად არის ცნობილი, რა რთულ გეოპოლიტიკურ თუ ინსტიტუციურ პრობლემებს უკავშირდებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირება. სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი პირველი კრედიტი 2,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან (მსოფლიო ბანკი), უკავშირდებოდა 1991-1992 წლების თბილისის ომის შედეგად დაზიანებული მთავრობის სახლის (ამჟამინდელი პარლამენტის შენობა) რეაბილიტაციას. 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს აღებული აქვს 16 მლრდ აშშ დოლარზე მეტი სახელმწიფო სესხი, რომლის 3/5 გასტუმრებულია.
- გასაგებია, მაგრამ წლეულს ეკონომიკური ზრდის იმედი არ უნდა გვქონდეს, მეტიც, პროგნოზირებულია ეკონომიკის 4%-მდე კლება...
- სახელმწიფო ბიუჯეტი ხომ მხოლოდ საინვესტიციო პროექტების დაფინანსების წყარო არ არის, მას სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური ვალდებულებების შესრულების ფუნქციაც აკისრია. შედარებისთვის: ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური ხარჯების წილი ბიუჯეტში 68%-ია, ჩვენთან კი 48%, მაგრამ ეს მონაცემი 1,5-ჯერ იმაზე მაღალია, რაც 2012 წელს გვქონდა. შესაბამისად, წლიდან წლამდე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიც იზრდება, იზრდება მასში სოციალური ხარჯების წილი და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილება პენსიების ზრდის შესახებ პანდემიის პირობებშიც კი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებული პირებისთვის, სწორედ ბიუჯეტის სოციალური ფუნქციის გამოხატულებაა და ვალად მოზიდული თანხები ამ მიმართულებითაც დაიხარჯება. გამოცდილებით დადგენილი კრიტერიუმია, რომ ქვეყნის ვალის სიდიდე მშპ-ის 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო მისი მომსახურებისთვის საჭირო თანხა მშპ-ის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სახელმწიფოს წლეულს ვალის მომსახურებისთვის გათვალისწინებული აქვს 1,8 მილიარდი ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 3,7%-ია. სხვა ქვეყნებს რომ შევედაროთ, 189 ქვეყნიდან საქართველო 116-ე ადგილზეა (ანუ რაც უფრო ბოლო პოზიციას იკავებ და ეს პროცენტი ნაკლებია, მით უკეთესი). საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, პანდემიის მიუხედავად, საქართველო 2024 წლისთვის პოზიციას გაიუმჯობესებს და 118-ე ადგილზე გადაინაცვლებს.
სხვათა შორის, როცა გაისად დადგება საქართველოს ისტორიაში ყველაზე „ეგზოტიკური" ვალის, ე.წ. ევრობონდების გადახდის დრო, საქართველოს საგარეო ვალების მომსახურების თანაფარდობა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებთან, ფაქტობრივად, გაორმაგდება და 16,5%-ს მიაღწევს. მომავალ წელს გვიწევს 2008 წლის გაზაფხულზე აღებული 500-მილიონიანი ევრობონდების ვალის გასტუმრება, რომელიც 2013-ში უნდა გადაგვეხადა, მაგრამ 2011 წელს სესხის რესტრუქტურიზაციას მიაღწიეს. მართალია, მომსახურების პროცენტმაც დაიწია 0,3 პუნქტით, მაგრამ რადგან ვადა გახანგრძლივდა, ჯამში 400 მილიონი დოლარით მეტის გადახდა გვიწევს. შესაბამისად, მხოლოდ ამ სესხის დასაფარად 900 მილიონი უნდა გავისტუმროთ რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე. არადა, ცოტაც რომ დავამატოთ, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი ავტომაგისტრალის თანხა ჰაერში გავისროლეთ. საქართველოს საგარეო ვალების მომსახურების ქრონოლოგიაში ამ ვალის მომსახურება „მწოლიარე პოლიციელის" როლს შეასრულებს.
- ვალის რა წილი მოდის საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ 27 მილიარდის გადახდა წლების განმავლობაში ჩვენ და მომავალ თაობებს მოუწევთ?
- ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხშირად უყვართ მაგალითად იმის მოყვანა, რომ სახელმწიფოს ვალი ამ ხელისუფლებამ სამჯერ გაზარდა, მაგრამ იმას კი არ ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ორჯერ გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ წლების განმავლობაში მცირედით შემცირდა, ვალის სიდიდე ერთ სულზე 57%-ით არის მომატებული, მაგრამ თანხობრივ გამოსახულებაში თუ შევადარებთ, მაგალითად, იაპონიაში სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე 102 ათასი დოლარია, საბერძნეთში - 51 ათასი, ისრაელში - 22 ათასი, ბელორუსში - 10 ათასი, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში კი ეს მაჩვენებელი 9 ათასზე მეტია, სომხეთში - 5 ათასი, ხოლო საქართველოში დაახლოებით 2.500 დოლარის ფარგლებშია. სახელმწიფო ვალის სიდიდით ერთ სულ მოსახლეზე სამეზობლოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, თანაც გასათვალისწინებელია, მსოფლიოში ქვეყანა არ არის, ვალი რომ არ ჰქონდეს. მეტიც, მსოფლიოში ვალების ჯამური სიდიდე გლობალური ეროვნული პროდუქტის მოცულობაზე თითქმის სამჯერ მეტია. ამიტომ სახელმწიფო ვალს არ უნდა შევხედოთ როგორც საფრთხეს, რომლისგანაც აუცილებლად თავი უნდა დავიცვათ, რადგან ეს არის შესაძლებლობა, ქვეყნის მიმდინარე და გრძელვადიანი ინტერესები რაც შეიძლება მოკლე დროში დააკმაყოფილო.
- 2.500 დოლარი ერთ სულზე საქართველოს შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის ცოტა არ არის. როგორ უნდა გადავიხადოთ ეს ვალი?
- ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საგარეო ვალის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წელიწადს აღემატება და აქედან საშეღავათო პერიოდი 8 წელიწადზე მეტია, როცა, მაგალითად, არ ვიხდით პროცენტს მომსახურებისთვის. ამიტომ არის ეს სესხები საკმაოდ შეღავათიანი. ამ ვალების საშუალო პროცენტი 2%-ზე ოდნავ მეტია და ეს მაჩვენებელი ახლოს არის განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ინფლაციის მაჩვენებელთან. შედარებისთვის: ჩვენი ბანკები ასეთი მოწყალენი არ არიან სახელმწიფოს ინტერესების მიმართ გასაგები მიზეზების გამო და უფრო მოკლევადიან და მაღალ პროცენტში აძლევენ სახელმწიფოს შიდა ვალს, სულ ცოტა, ეს საშუალოდ 8%-იანი სესხია.ჩვენი ბიუჯეტი ხომ ციური მანანა არ არის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი ფული და ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების 9/10 გადასახადებით ივსება, რომელსაც ფიზიკური იურიდიული პირები იხდიან, მაგრამ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ვალის გადახდა მოგვიწევს, ჩვენი რესურსი, შემოსავლები, პენსიები, შესაძლებლობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მაშინ გვქონდა, როცა ვალი ავიღეთ. ამიტომ ეს სიმძიმე, ვალის ტვირთი მოსახლეობასაც და სახელმწიფო ბიუჯეტსაც ნაკლებად დააწვება.
- გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგარეო ვალს ჩვენ უცხოურ ვალუტაში ვიღებთ და როცა ლარის კურსი ეცემა, ვალის მომსახურების საფასურიც გვეზრდება...
- ეს უნივერსალური პრინციპია - თუ ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება, ვალის მომსახურება უფრო იოლდება და პირიქით, თუ ეცემა, მაშინ ვალუტის მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა უნდა იყოს ლარში გადახდილი. კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი - ჩვენ ვალს ქვეყნის შიდა საჭიროებისთვის ვიღებთ და ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის შემთხვევაში ქვეყნის გარეთ აღებული სესხის შიდა სავალუტო ეფექტიანობა იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, საგარეო სახსრებიდან მოზიდული 1 მილიონი დოლარის გამოყენებითი ღირებულება ქვეყნის შიგნით მატულობს. ამ შემთხვევაში მედალს ორი მხარე აქვს - ვალის მომსახურება გვიჭირს ლარის დევალვაციისას, მაგრამ ამავე დროს ეს თანხა უცხოურ ვალუტაში უფრო მეტ საქმეს აკეთებს ქვეყანაში, უფრო მეტ საბიუჯეტო ვალდებულებას ემსახურება, ვიდრე მისი გამყარების შემთხვევაში.
- რა მოხდება, თუ სახელმწიფო ვალი კრიტიკულ 60%-იან ზღვარს მიაღწევს?
- ბევრ სახელმწიფოს აქვს ამაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი. მაგალითად, უკრაინაში 72%-ია. თუმცა, რა თქმა უნდა, ზღვრულ ნიშნულთან მიახლოება კარგი არ არის, რადგან ამან შესაძლოა ქვეყნისთვის ახალი საკრედიტო რესურსების მოზიდვა გაართულოს და სხვა სესხების აღებამ უფრო მაღალ პროცენტში მოგვიწიოს. როცა შენი ქვეყნის ვალი კრიტიკულ ნიშნულზეა, მეტ სიფრთხილეს იჩენენ კრედიტორები შენთან ურთიერთობისას. როცა ბანკში მივდივართ სესხის მისაღებად, ჯერ ხომ ჩვენს საკრედიტო ისტორიას სწავლობენ, ასეა ქვეყნის შემთხვევაშიც. თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის სესხად აღების რესურსი ისე, რომ `წითელი~ არ აინთოს, ოღონდ ეს ვინმემ მოწოდებად არ გაიგოს, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ.
წყარო: „კვირის პალიტრა"