„ხშირ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  300%-მდე ადიოდა“ - რატომ უქმდება მისო-ები

„ზეპირად, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, მაქსიმალური რისკის ფასად გასცემდნენ სესხებს, რომლიც კომპენსირდებოდა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. ხშირ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 300%-მდე ადიოდა“,- ამის შესახებ მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია vivus.ge-ს გაუქმების შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, ის რეგულაციები, რომელიც 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა, სწორედ ასეთი ტიპის ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციების გაუქმებას ისახავდა მიზნად.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 11 ივნისის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 ფინანსეს“(ბაზარზე vivus.ge) ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. Vivus.ge არის ჯგუფი „4Finance“-ის ბრენდი, რომლის მთავარი პროდუქტიც ონლაინ სესხების გაცემაა. აღნიშნული კომპანია საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და ოპერირება დაიწყო, როგორც ონლაინ-სესხების გამცემმა ორგანიზაციამ. 2017 წელს კი vivus-მა სტატუსი შეიცვალა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელია: „vivus.ge-ის საქმე გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო, ახლა უბრალოდ ფორმალურად მოხდა მისი ლიკვიდაცია. ამის მიზეზია ის, რომ „ვივუსი“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციების ბიზნეს მოდელი აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ რეგულაციებთან, რომელიც გავრცელდა 2019 წელის იანვრიდან. ეს არის ონლაინ სესხის გაცემის სისტემა, რომლის პრინციპიც მდგომარეობს შემდეგში, მათ ფაქტობრივად არ ჰქონდათ საოპერაციო ხარჯები, რადგან საერთოდ არ ხდებოდა სესხის ანალიზი და შეფასება. საკრედიტო ბიუროთიც კი არ სარგებლობდნენ. ასევე, ზეპირად, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, მაქსიმალური რისკის ფასად გასცემდნენ სესხებს, რომელიც კომპენსირდებოდა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. ხშირ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 300%-მდეც ადიოდა.

სწორედ ამ ტიპის ორგანიზაციებს დაუპირისპირდა ის რეგულაციები, რომელიც 2019 ში გავრცელდა. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ „ვივუსი“და ყველა ამ ტიპის ორგანიზაცია დაიხურა“,-ამბობს ბესო შენგელია.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის იმ მისო-ებს შორის, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები აღარ არიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ოქტომბერში - 50; ნოემბერ-დეკემებრში - 48; 2020 წლის იანვარში - 46 იყო; თებერვალში - 45; ხოლო მარტ-აპრილში მათი რიცხვი 43 იყო.

ნინი ქეთელაური