2020 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 300 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-აპრილში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 12.2 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 11.9 მლნ ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 39 მლნ მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ ოთხ თვეში 80.6 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარ-აპრილში კი ეს ციფრი 119.6 მლნ იყო.
2020 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 400 ათასი ტონით გაიზარდა და 5.9 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 5.5 მლნ ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 3,292 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-აპრილში 185,655 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 182,363 კონტეინერი გადამუშავდა.