1-ელ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 1 მლნ ვიზიტი განხორციელდა

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 მილიონი ვიზიტი. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.9 პროცენტს შეადგენდა.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 32.1 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.0 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (53.5 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 305.1 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 178.5 ათასი ვიზიტი თვეში).

2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 127.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.7 პროცენტით და 122.3 ლარს უტოლდება,“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი