სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 106 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 23.6 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.1 პროცენტი - კახეთში, 11.3 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.3 პროცენტი - იმერეთში, 11.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.4 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2019 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 54 421 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა).
„2019 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 438.6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 38.0 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.0 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 11 084.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2019 წლის განმავლობაში 40 329.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 38.8 პროცენტი - ფრინველის, 16.8 პროცენტი - ღორის, 3.9 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. 2019 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 2 697.2 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 59.1 პროცენტი მოდის ღორის ხორცზე, 34.2 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 6.7 პროცენტი - თხისა და ცხვრის ხორცზე.
მომსახურება გაეწია 40.3 ათას პირს, საიდანაც 38.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 957 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 11.4 ლარი, ხოლო ღორის - 22.4 ლარი.
სასაკლაოების უმრავლესობა (48.1 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 48.1 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 3.8 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სასაკლაოების 67.9 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 32.1 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.8 პროცენტს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 5.9 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 32.4 პროცენტს, როგორც ძირითადი ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.