ამბობენ, ბიუჯეტი შევკვეცეთ და „ქამარი შემოვიჭირეთ“, ეს არაა ქამრების შემოჭერა, ესაა ის თანხები, რომელიც ვერ დახარჯეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არ ახსოვს, საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ბიუჯეტის 54% ვალითა და გრანტებით ყოფილიყო ფორმულირებული. გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტის შემუშავებული ვარიანტი ეკონომიკის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
„საქართველოს ისტორიაში, შევარდნაძის პერიოდს რომ ეძახდნენ, იმ დროიდან მოყოლებული, არ მახსოვს რომ ბიუჯეტის 54% ყოფილიყო ფორმულირებული ვალით და გრანტით, ანუ არა საკუთარი წყაროებით.
იმ პერიოდშიც დიდი ნაწილი მოდიოდა მსოფლიო ბანკის სესხებით, ასევე გრანტებით, მაგრამ მხოლოდ 46% ყოფილიყო ბიუჯეტის დაფინანსების საკუთარი წყარო, არ მახსოვს. შეიძლება პრეცედენტი ერთხელ მოხდა, მაგრამ ლარის შემოღების შემდეგ ასეთი რამ არ მახსოვს. 16 მილიარდიან ბიუჯეტში 8 მილიარდი ლარი არის ვალი, 560 მლნ არის გრანტი, ანუ მთელი ამ ბიუჯეტის 54% ფორმირებულია ნაჩუქარი და ნასესხები თანხებით. ამას უმძიმესი გავლენა ექნება მომავალში, როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტზე, თუ როგორ მოხდება მისი ფორმირება. თითოეული თეთრი უნდა ყოფილიყო გამოყენებული უკიდურესად ყაირათიანად და მომჭირნედ. ამას ემატება ის, რომ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ასეთი დიდი შემოდინება ხდება გრანტებისა უცხოური ვალუტის სახით, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეს ჩამოშლიდა ლარს და გამოიწვევდა ფასების ზრდას, თუ ეროვნული ბანკი ადეკვატურად არ მოახდენდა ამის განეიტრალებას. ამიტომ უმძიმეს პრობლემას ქმნის ერთი მხრივ მონეტარული კუთხით, მეორე მხრივ ფისკალური კუთხით. ამ ვითარებაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის ეს ვარიანტი არ შეესაბამება ეკონომიკის მოთხოვნებს.
ამბობენ, ჩვენ ბიუჯეტი შევკვეცეთ და „ქამარი შემოვიჭირეთ“, ეს არაა ქამრების შემოჭერა, ესაა ის თანხები, რომელიც ვერ დახარჯეს, იმიტომ, რომ მივლინებაში არ წავიდოდნენ, კონცერტებს არ ჩაატარებდნენ, 26 მაისის ზეიმზე მილიონები იყო გამოყოფილი, ვერ გააკეთეს. ძველი ხარჯები დარჩა ყველაფერი, რისი შეკვეცაც შეიძლება ბიუროკრატიული და თავიანთი კოორდინატორებით დაწყებულ-დამთავრებული, იმ ნაწილს არ შეეხო“,- განაცხადა გოცირიძემ.