თუკი განთავსების ობიექტები/სასტუმროები ინსპექტირებას გაივლიან წარმატებით, მათ ოპერირების განხორციელების და შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ,- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ობიექტებს პირველ ეტაპზე შემოწმების გავლა მოუწევთ.
„თუკი განთავსების ობიექტი, როგორც მეწარმე, არ რეგისტრირდება, აქამდე არ არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე, მას არ ჰქონია დღევანდელ დღემდე ჩატარებული ინსპექტირება და ნებართვა არ აქვს მინიჭებული, ეს არის კანონდარღვევა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენი შიდა მოგზაურებისთვის არის ის, რომ ძალიან სწორად შეაფასონ ის ვითარება, რომელიც კოვიდ 19-თან მიმართებით გვაქვს და რა თქმა უნდა, იმოგზაურონ და განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებიც შემოწმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია," - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორ მან აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ სიას დღის განმავლობაში გაასაჯაროვებს.
რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ქვრივიშვილის თქმით, იგივე პრინციპი იქნება საოჯახო სასტუმროების შემოწმებასთან დაკავშირებითაც.
„ჩვენ განსხვავება არ გვაქვს მიდგომებს შორის, ეს ეხება საოჯახო, საშუალო თუ მსხვილ სასტუმროებს. პრინციპი არის ერთი, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას, ზედაპირების ხშირ დამუშავებს, სამზარეულო ტერიტორიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას, ოთახების დალაგების პრინციპს," - განაცხადა ქვრივიშვილმა.