მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებსაც არ აქვთ ჯერ განმარტებული, როგორ მოხდება არაწევრ ქვეყნებთან საჰაერო თუ ტურისტული მიმოსვლის რეგულირება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ჯერ არ აქვთ განმარტებული, თუ როგორ მოხდება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საჰაერო თუ ტურისტული მიმოსვლის რეგულირება.

„კოვიდპასპორტზე ჩვენი მხრიდან საუბარი ნაკლებად იყო, ეს იყო უბრალოდ საერთაშორისო არეალზე არსებული ერთ-ერთი ოპცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთში განიხილავდნენ. სამწუხაროდ, რეალობა დღეს, კოვიდ-19-ის პერიოდში, ისეთია, რომ არც ერთ ქვეყანას, ფაქტობრივად და მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსაც ჯერ არ აქვთ განმარტებული და გამოტანილი საჯაროდ ის გადაწყვეტილება, თუ როგორ მოხდება არაევროკავშირის ქვეყნებთან საჰაერო თუ ტურისტული მიმოსვლების რეგულაციები. აქედან გამომდინარე, პროტოკოლი თუ როგორ მოხდება საერთაშორისო მოგზაურების მიღება, არის ბოლომდე ორ ქვეყანას შორის შეთანხმების საფუძველი. მოგეხსენაბთ, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებას რიგ ქვეყნებთან, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან დაბალი რიცხვებით და ძალიან პოზიტიურ ეპიდმდგომარეობით და მას შემდეგ, რაც ორი ქვეყანა ერთმანეთში დაასრულებს იმ მოლაპარაკების ციკლს, რაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველასთვის საჯარო. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ყველა რეგულაცია, ყველა მიდგომა, ზოგადად, საერთაშორისო ტურიზმის გახსნა, იქნება ძალიან ფრთხილი, ეტაპობრივი და მაქსიმალურად იქნება ყველა ის აქტივობა გატარებული, რომელიც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობისთვის მთავარი ამომავლი წერტილი დღეს არის ის, რომ ამოქმედდეს ეკონომიკა და ამოქმედდეს ისეთი ფორმით, რა ფორმაც იქნება უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.