დანიის მთავრობა შინამეურნეობებს ფინანსურად დაეხმარება

კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის შედეგების დასაძლევად, დანიის მთავრობა შინამეურნეობებს სპეციალურ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ქვეყნის პარლამენტმა აღნიშნული პროგრამა ხმათა უმრავლესობით უკვე დაამტკიცა.

პროგრამის მიხედვით, ოქტომბრამდე ოჯახები მიიღებენ 19 ათას კრონს (დაახლოებით 2 860 დოლარს). ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Ritzaus Bureau ავრცელებს.

ჯამში პროგრამაზე 60 მილიარდი კრონი (9,04 მილიარდი აშშ დოლარი) დაიხარჯება.

თითოეული ადამიანისათვის კონკრეტული თანხა განისაზღვრება 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე მიღებული შემოსავლის მიხედვით.

პარლამენტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერების ფინანსური დახმარება. ყველა მათგანი მიიღებს ათას კრონს (151 აშშ დოლარი).

”მაგრამ გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ეს რადიკალურად არ შეცვლის ადამიანების ცხოვრებას. ეს არის დახმარება, რომ სიტუაცია დაიქოქოს“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკოლაი ვამენმა.

კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების გამო, დანიის ეკონომიკამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2020 წელს ყველაზე დიდი კლება განიცადა.