25 ივნისს, კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს „კავკასუს ონლაინის“ საკითხზე. დიდი ალბათობით, სწორედ ამ დღეს გადაწყდება შეუჩერებს თუ არა კომისია კომპანიას ავტორიზაციას იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას 2019 წლის ოქტომბრის თვეში დაუდგინდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ „კავკასუს ონლაინმა“ კომუნიკაციების კომისიას სადავო საკითხზე ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდა და საკითხის გამოკვლევაც სთხოვა, თუმცა, ეს ყველაფერი კომისიისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის საშუალებით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის – ფრანკფურტისა და სოფიის – ე.წ ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან. „კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არის ის აქტივი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქართულ კომპანიას რეგიონის ქვეყნები უწყვეტი ინტერნეტის მეშვეობით დააკავშიროს ევროპას.
რა ბედი ელის ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და დარჩება თუ არა საქართველო ერთადერთი ევროპული ინტერნეტის გარეშე?
ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი, რევაზ კოპალაძე ინტერვიუში დეტალურად გვიყვება.
- დავიწყოთ იმით, რაზეც კომუნიკაციების კომისია გედავებათ – რატომ არ აცნობეთ მათ დაგეგმილი წილების გასხვისების შესახებ?
პირველ რიგში, მინდა, მოკლედ შევეხო შეტყობინების ვალდებულების საკითხს. კომპანიის პოზიციაა, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისებაზე კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება „კავკასუს ონლაინს“ არ ჰქონდა. „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი კომპანიები (ION და Nelgado) დღემდე არ შეცვლილა. შეიცვალა ერთ-ერთი აქციონერი კომპანიის ბოლო ბენეფიციარი, ფიზიკური პირი. წილის მფლობელი კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში, და წილის ცვლილებაც სწორედ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში განხორციელდა.
კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მაგალითად ION-ის, ან Nelgado-ს წილების მფლობელობა შეიცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიას განსხვავებული მოსაზრება აქვს, კომპანია საკუთარი პოზიციის დაცვას სასამართლოს მეშვეობით ცდილობს.
თუმცა ვალდებულების საკითხს რომ თავი დავანებოთ, და ჩავთვალოთ რომ გვქონდა შეტყობინების ვალდებულება, „კავკასუს ონლაინი“ მაინც ვერ შეძლებდა კომუნიკაციების კომისიის წინასწარ ინფორმირებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „კავკასუს ონლაინის“ ხელმძღვანელობას უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია მის დამფუძნებელ კომპანიებში მიმდინარე ბიზნეს პროცესების შესახებ. კომპანიას არ შეუძლია აკონტროლოს მისი ბენეფიციარი მფლობელები როგორ განკარგავენ საკუთარ წილს, და მხოლოდ ბენეფიციარების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული აცნობებენ თუ არა კომპანიას რომ საკუთარი აქციების გასხვისებას გეგმავენ.
2019 წლის 5 აგვისტოს, როცა კომუნიკაციების კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა ყველა ავტორიზებულ პირს გაგვეახლებინა ინფორმაცია კომპანიის ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვითხოვეთ კომპანიის დამფუძნებლებისგან ეს ინფორმაცია. სწორედ ამ დროს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ კომპანიის ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე შეიცვალა და კომპანიის ერთ-ერთი ბენეფიციარი გახდა აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომისიას და ასევე, წარვუდგინეთ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი. ჩვენს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიის სანქცირების შესახებ.
- რა შეიძლება გამოიწვიოს კომუნიკაციების კომისიის მიერ „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამ?
2007 წლამდე საქართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ჰქონოდა მაღალ სიჩქარიანი, დაცული და უსაფრთხო ევროპული ინტერნეტი. უფრო მეტიც, სანამ „კავკასუს ონლაინი“ შავ ზღვაში ოპტიკურ კაბელს ჩადებდა, მთელი რეგიონი იყო მოკლებული ამ შესაძლებლობას. ახლაც და მაშინაც, ალტერნატივას წარმოადგენდა მხოლოდ რუსული და თურქული ინტერნეტი. ავტორიზაციის შეჩერება პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „კავკასუს ონლაინის“ საქმიანობის შეჩერებას, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს კონკურენტულ გარემოს ბაზარზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანას შეეზღუდება პირდაპირი კავშირი ევროპულ ინტერნეტთან და ეს ავტომატურად აისახება ინტერნეტის ხარისხზე.
- რა მიზანს ისახავს ახალი აქციონერი აქციების შეძენისას და ზოგადად, რა ბიზნეს გეგმები აქვს „კავკასუს ონლაინს“?
არსებული ბიზნესის წარმატება და მდგრადობა უპირობოდაა დამოკიდებული მის გეოგრაფიულ გაფართოებაზე, მეტი მომსახურების რეალიზაციაზე. სტრატეგიულად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა შესაძლებელს ხდის, რომ კომპანიამ საბითუმო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალი გაზარდოს, როგორც შუა აღმოსავლეთის, ასევე, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით. საბითუმო ინტერნეტ მომსახურების რეალიზაციის გაზრდისა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე კომპანიებთან.
სწორედ საერთაშორისო ბაზრების ათვისებისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებისთვის განხორციელდა წილის გასხვისება კომპანიაზე, რომლის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ინფრასტრუქტურის გამოყენებით – კასპიის ზღვისა და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით – ჩინეთისთვის ინტერნეტის მიწოდება, რაც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს გლობალურ ეკონომიკურ პროცესებთან. პოტენციალის ამგვარად რეალიზება კომპანიას მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს, და გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ გადასახადების ოდენობას, რაც თავისთავად, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
აღნიშნული ბიზნესგეგმა ითვალისწინებს ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, რაც პარტნიორი კომპანიის საინვესტიციო რესურსების მობილიზებას საჭიროებს და მხოლოდ „კავკასუს ონლაინის“ არსებული რესურსები არ არის საკმარისი. შესაბამისად, როგორც კომპანიის გენერალურ დირექტორს, მიმაჩნია, რომ უცხოური ინვესტიციის და ძლიერი პარტნიორის გარეშე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ კერძო კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“, უნიკალური აქტივის პოტენციალი სანახევროდ გამოყენებული დარჩება და ვერ მოუტანს ქვეყანას იმ სარგებელს, რაც პოტენციურად განივთებულია მასში.
- თქვენი აზრით, იქნება თუ არა კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოტანილი სანქცია პროპორციული?
- მოდით დავიწყოთ დავის არსით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიზნებით: კომისიის მიზანია, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების ინდუსტრიაში უზრუნველყოს მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა და კონკურენციის ხელშეწყობა, დაიცვას მომხმარებლების ინტერესები, მომსახურების ფართო არჩევანისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და მოქმედება ნაკარნახევია ამ მიზნების მისაღწევად.
„კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შესაძლო შეჩერება გამორიცხავს უკლებლივ ყველა ზემოთ აღნიშნულ ამოცანას, რომელსაც კომისია ისახავს თავის საქმიანობაში. უფრო მეტიც, კომისიას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ დაედგინა უშლის თუ არა ხელს ბოლო ბენეფიციარის ცვლილება საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციას. აქვე, ალბათ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება როგორიცაა ავტორიზაციის შეჩერება, შესაძლებელია, მიზანშეწონილი იყოს მხოლოდ ისეთი დარღვევის აღმოუფხვრელობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ზღუდავს კონკურენციას. ამის დადგენა შეუძლებელია ბაზრის ანალიზის გარეშე.
დავუბრუნდები თქვენს ძირითად კითხვას პროპორციულობაზე.
კომისიის მიერ ავტორიზაციის შეჩერება ვერ ჩაითვლება პროპორციულ სანქციად. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩვენი მომსახურების (ინტერნეტის საბითუმო მიწოდება) მომხმარებლები არიან უმსხვილესი მობილური ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები, მათ შორის რეგიონებში, რომლებიც საცალო ქსელის საშუალებით ინტერნეტს აწვდიან თავიანთ მომხმარებლებს. „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება შეუქცევად ზიანს გამოიწვევს, რომელიც ვერანაირ პროპორციულობის სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, რადგან ავტორიზაციის შეჩერებით 3 მილიონზე მეტი მობილური, ასევე, ფიქსირებული ქსელის მომხმარებელი ინტერნეტის გარეშე რჩება.
- თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ კომუნიკაციების კომისიის არაპროპორციული გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, კანონი გავალდებულებდათ საქმის კურსში ჩაგეყენებინათ კომისია. თვლით თუ არა, რომ ამ ნაწილში კომისიის გადაწყვეტილება სწორედაც რომ პროპორციული იყო?
როგორც უკვე ვახსენე, ბენეფიციარის ცვლილებაზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას კომისიას როგორც განმარტავს, ამას „კავკასუს ონლაინი“ სადავოდ ხდის და სასამართლოს ამ საკითხზე ჯერ კიდევ არ უმსჯელია.
მიუხედავად ამისა, დავუშვათ და ჩავთვალოთ, რომ კომპანიას ჰქონდა შეტყობინების ვალდებულება კომისიის მიერ განმარტებული ფორმით და შინაარსით, მაინც არაპროპორციულია მათი გადაწყვეტილება. ვალდებულების დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისია ბენეფიციარი კომპანიის წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განიხილავს კომისია ავტორიზაციის შეჩერების საკითხს. რეალობა კი ასეთია: კომპანიას არ აქვს რაიმე შესაძლებლობა შეასრულოს გადაწყვეტილება, დაკისრებული გვაქვს ისეთი ვალდებულება, რომლის აღსრულების მექანიზმი არ გაგვაჩნია. ნაცვლად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა კომისიას შეეძლო და ახლაც შეუძლია დაგვავალოს ახალი განცხადების წარდგენა კომპანიაში ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებაზე თანხმობის გასაცემად, დაიწყოს წარმოება და შეისწავლოს ახდენს კი რაიმე გავლენას ბაზარზე ბენეფიციარის ასეთი ცვლილება. კომისია არათუ არ გვავალებს განცხადების წარდგენას, ჩვენი ინიციატივით წარდგენილ თხოვნასაც განუხილველად ტოვებს.
კომისიის მოსალოდნელი გადაწყვეტილების არაპროპორციულობა მდგომარეობს სწორედაც იმაში, რომ „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება არსებითად გააუარესებს მომხმარებელთა მდგომარეობას ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიღების თვალსაზრისით, ასევე, ბაზრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის განდევნით ბაზრის კონკურენტუნარიანობასაც შეუქმნის საფრთხეს. კომპანიას არ გააჩნია რაიმე მექანიზმი, რომ თავიდან აიცილოს ასეთი შეუქცევადად ნეგატიური პროცესი, ხოლო კომისიას აქვს შესაძლებლობა, რომ ნაკლებ საზიანო გადაწყვეტილება მიიღოს.
რა თქმა უნდა, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობა და მიმდინარე დავის პროცესში გამოსავლის მოძებნა ჩვენს ინტერესებში შედიოდა და ახლაც ასეა, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინმა“ თავად მიმართა კომისიას დაეწყო ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კვლევა იმის დასადგენად, ახდენდა თუ არა ბენეფიციარის ცვლილება ნეგატიურ გავლენას კონკურენციაზე. მზად ვიყავით კომუნიკაციების კომისიასთან ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, დოკუმენტაცია წარგვედგინა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, ახლაც მზად ვართ. თუმცა, როგორც გითხარით, კომისიამ განუხილველად დატოვა ჩვენი მოთხოვნა. მათი პასუხი იყო იგივე – კომპანიის წილობრივი მონაცემების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება და საკითხის მხოლოდ ამის შემდეგ განხილვა. ამიტომაც დგება პროპორციულობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, რა უფრო გონივრული და პროპორციულია – კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლოს „კავკასუს ონლაინის“ გარიგების გავლენა ბაზარზე და კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის არარსებობის შემთხვევაში დაუდასტუროს კომპანიას აქციონერების ცვლილება, თუ შეუჩეროს ავტორიზაცია, რომელიც უპირობოდ გააუარესებს მდგომარეობას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე.
ამასთანავე, უთქმელადაც ყველასთვის გასაგებია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ქვეყნის არათუ განვითარების არამედ უბრალოდ გადარჩენის შანსი. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სწორედ აზერბაიჯანი იყო ის ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26 პროცენტს, ევრო კავშირის წევრი ქვეყნების ინვესტიცია შეადგენს 41 პროცენტს და მხოლოდ 5 პროცენტი მოდის რუსეთზე.