ინფრასტრუქტურის მე-7 მინისტრი გვყავს. აი, ესენი უნდა დააყენო სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე, ოღონდ, იცით, როგორ?! მწვალებლობა და ადამიანების მკვლელობის მცდელობა რომ არ დამბრალდეს - უხარისხო ცემენტით ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მერე გაასუფთავო და შემდეგ მიხვდებიან, თუ როგორ უნდა დამთავრდეს ეს გზა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.
რომან გოცირიძემ გადაცემაში უცხოეთიდან მიღებულ გრანტებსა და სესხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყულია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ „ქამრები შემოიჭირა“.
„ჯერ ერთი, ნელ-ნელა შემოდის ეს ფული. გარდა ამისა, ბიუჯეტს თავის შემოსავლის წყაროები აქვს და მთავარია, რომ ეს თანხები ამ რაოდენობით არ იქნება გაცემული. სად მიდის ეს ფული?! კარგი შეკითხვაა. ამ ფულით, რითაც ეკონომია გაკეთდება და არ მივა მოქლაქეებამდე, დაფინანსდება ბიუჯეტის ძველი ხარჯები. ამბობენ, 500 მილიონით ქამრები შემოვიჭირეთო. ეს ტყუილია! რა ქამრების შემოჭერა?! 220 მილიონამდე ვერ დახარჯეს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის და თანხები აუთვისებელია.
სამტრედია- გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით გადაიქცა. ერთხელ კი ვთქი, მაგრამ მაინც მოვპარავ ჩემს თავს ამ შედარებას- სურამის ციხეში, სანამ არ ჩააშენეს ზურაბი, მანამდე ათჯერ დაინგრა, მკითხავმა ურჩია. სანამ სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე არ ჩააბეტონებ ინფრასტრუქტურის შვიდ მინისტრს, რომელიც ამ შვიდ წელიწადში შეიცვალა... ჩვენ ახლა მე-7 მინისტრი გვყავს. აი, ესენი უნდა დააყენო სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე. (ჯერ უკრაინულმა კომპანიამ ჩააგდო, მერე ქართულმა, მერე ჩინურმა) ოღონდ, იცით, როგორ?! რბილი ცემენტით, რადგან მწვალებლობა და ადამიანების მკვლელობის მცდელობა არ დამბრალდეს - ისეთი, უხარისხო ცემენტით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მერე გაასუფთავო და შემდეგ მიხვდებიან, თუ როგორ უნდა დამთავრდეს ეს გზა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.