ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი. „ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება კიდევ სამი სახანძრო მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ოთარ კერესელიძის თქმით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში. გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა აალებადი ნივთიერებები, მოგეხსენებათ, გვერდით არის ბენზინგასამართი სადგური და ასევე, გვქონდა ინფორმაცია, რომ ინახებოდა ფოიერვერკები. ხანძრის რამდენიმე კერა იყო“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.