„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „მწერლები“ გაიხსნა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „მწერლები“ ოფიციალურად გაიხსნა.

20-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ქვიშხეთში არის განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის. სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 30 ადამიანი, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „მწერლები“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 15 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

გახსნის ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრნენ.