ტანსაცმლის მაღაზიათა უმსხვილესი ქსელი Inditex-ი მსოფლიოს მასშტაბით 1000-დან 1 200-მდე სავაჭრო ობიექტს დახურავს.
The Guardian-ის ინფორმაცით, საუბარია ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: Zara, Bershka, Pull & Bear, Massimo Dutti, Oysho და Stradivarius-ი.
გამოცემის ინფორმაციითვე, ესპანურმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემცირებული გაყიდვების გამო მიიღო. ამ ეტაპზე რითეილერი ცდილობს, რომ ონლაინ გაყიდვები გაზარდოს.
The Guardian-ის ცნობით, მაღაზიების უმეტესობა დაიხურება აზიასა და ევროპაში. საერთო ჯამში Inditex-ს 7 412 მაღაზია აქვს, რეორგანიზაციის შემდეგ ეს რიცხვი დაახლოებით 6 700-6 900-მდე შემცირდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შემცირდება თუ არა Inditex-ის ჯგუფში შემავალი ბრენდის მაღაზიები საქართველოში. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, შემცირება ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ არცერთ ბრენდს არ შეეხება. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება 2020 წელზე, თუ როგორ შეძლებენ ტანსაცმლის მაღაზიები პანდემით მიღებული ზარალის ანაზღაურებას.
„ამ ეტაპისთვის შემცირებას არ ვგეგმავთ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება 2020 წელზე, თუ როგორი იქნება „კოვიდ19-ით“ გამოწვეული კრიზისის შედეგები. ის, რომ ესპანეთმა გამოაცხადა მაღაზიების დახურვა, არ არის ახალი. დიდი ხანია ფიქრობენ, რომ მაღაზიების კონსოლიდირება მოახდინონ. იმიტომ, რომ ნაკლებად მომგებიანი და ზარალიანი ფილიალების ნაცვლად, უფრო მომგებიანის გახსნა უნდათ. ამასთანავე, სურთ, რომ აქცენტი გადაიტანონ ონლაინზე. ეს იმის მანიშნებელი არ არის, რომ ცუდად აქვთ საქმე. პირიქით, Inditex-ი არის ამ სექტორში მსოფლიოში ფინანსურად ყველაზე მყარი კომპანია“,-ამბობს რეზო მაღალაშვილი.
რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს და ერთიანი საიტის ჩაშვებას საქართველოში, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, რომ ამ მხრივ დიდი მოლოდინებია.
„როდესაც გავიხსენით, პირველი კვირა მაღაზიებში გაყიდვები ძალიან გაიზარდა და შემცირდა ონლაინი, ხოლო მეორე კვირაში მაღაზიების გაყიდვები შემცირდა და ონლაინი ოდნავ გაიზარდა. ჩვენ ველით, რომ მაღაზიების გაყიდვები წელს იქნება შემცირებული (რამდენით ეს რთული სათქმელია, შეიძლება 15%-ით, მაქსიმუმ 30%-ით), ხოლო ონლაინი ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე დახლოებით გასამმაგდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ აქცენტირება ჩვენც ამ მიმართულებით გაგვეკეთებინა. საუდის არაბეთში, საიდანაც არის ჩვენი კომპანია, ეს პლატფორმა უკვე ამუშავდა და ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გაეშვება, მათ შორის საქრათველოში. ყოველ შემთხვევეაში, ჩემი დიდი სურვილია, რომ ერთიანი საიტი ჩვენთან ივლისში უკვე ამოქმედდეს. რამდენად მოესწრება ვნახოთ“,-ამბობს რეზო მაღალაშვილი.
ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს. რაც შეეხება კონკრტულად Inditex-ს, საქართველოს მასშტაბით სულ 19 მაღაზიაა.