„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თხევად აირზე აქციზის გადასახადი გაიზარდა.
მაქაცარია აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მინიმუმამდე ჩამოვიდა საქართველოში კი მაინც მაღალია, რისი ერთ-ერთ გამომწვევი მიზეზი აქციზის მაღალი გადასახადია.
მაქაცარიას თქმით, თხევად აირზე აქციზის გადასახადი ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება.
„ჩვენ კარგად გვახსოვს თუ რა გამოიწვია გასულ წლებში ნავთობ პროდუქტებზე (ბენზინზე და დიზელზე) აქციზის გადასახადის გაზრდამ. კერძოდ, აღნიშნული მოცემულობა მოსახლეობას და საწარმოებს იმდენად მძიმე ტვირთად დააწვა, რომ პირდაპირ პროპორციულად აისახა ყველა სახის პროდუქციის ფასზე, ვინაიდან ელემენტარული პურის დისტრიბუციის ფასიც კი მჭიდრო მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ნავთობის ფასთან და დღეს, როდესაც ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მინიმუმამდეა ჩამოსული საქართველოში საწვავის ფასი მაინც მაღალია; რის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს სწორედ მაღალი აქციზის გადასახადი წარმოადგენს. ხსენებულ გარემოებას, რა თქმა უნდა, ემატება ნავთობ მაგნატების მხრიდან, მონოპოლიზირებული ბაზარის პირობებში წარმოქმნილი მოცემულობებიც. ზემოაღნიშნული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქციზის გადასახადის ზრდა, ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე როგორიც თხევადი აირია, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს ერთ-ერთ იაფფასიან საწვავს, ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის. „თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ აქციზის გადასახადი თხევად აირზე უნდა დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, ვინაიდან თავიდან ავიცილოთ ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება; ამავდროულად უნდა გადაიხედოს აქციზის გადასახადი ნავთობზე, რადგან დაუშვებელია ბიუჯეტის შევსება მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე“, - განაცხადა მაქაცარიამ.
ინფორმაციას „თავისუფალ საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.