ესპანეთი დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის კარანტინის ზომების დაწესების საკითხს განიხილავს

ესპანეთი დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის კარანტინის ზომების დაწესების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ესპანეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება საპასუხო ქმედება დიდი ბრიტანეთის ნაბიჯზე, რომელმაც სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ესპანეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა.

„აღნიშნულ საკითხზე დიდ ბრიტანეთთან დიალოგს გავმართავთ და გავარკევთ, მივიღებთ თუ არა ამ საპასუხო გადაწყვეტილებას,“- აღნიშნა არანჩა გონზალეს ლაიამ.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში სხვა ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტინის გავლაა სავალდებულო. ესპანეთი დიდ ბრიტანეთთან საზღვარს მომავალი კვირიდან ხსნის.