გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა უმუშევრად დარჩენილი იმ მოქალაქეების დასახმარებლად დაიხარჯოს, რომლებიც სამთავრობო პროგრამებში ვერ მოხვდნენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა უმუშევრად დარჩენილი იმ მოქალაქეების დასახმარებლად დაიხარჯოს, რომლებიც უკვე არსებულ სამთავრობო პროგრამებში ვერ მოხვდნენ.

როგორც მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე განაცხადა, მას შემდეგ რაც უკვე არსებული დახმარების პაკეტი დასრულდება და შეფასება მოხდება, შესაძლოა სწორედ ფონდის თანხით მოხდეს ახალი დახმარების პაკეტის შემუშავება.

„ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც სამსახური გასულ წელს დაკარგეს. ჩვენ რომ ყველა მოქალაქეს კომპენსაცია გადავუხადოთ, ეს მნიშვნელოვან თანხებთან იქნება დაკავშირებული და მეორე მხრივ, არ მგონია, რომ ყველა მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდეს. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებული ოჯახის წევრები არიან. ყველა მოქალაქეზე რომ გავცეთ ეს დახმარება, დიდი ნაწილი შეიძლება ისეთი არ მოხვდეს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს და სჭირდება დახმარება. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ბიუჯეტში ასახული ფონდის თანხა, რომელიც სპეციალურად ამ კრიზისის დროს შეიქმნა, აკუმულირებულია 133.5 მილიონი ლარი, რომელიც არაა ჯერ დახარჯული, ბიუჯეტით გაიწერა, რომ ეს თანხა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ან ვირუსისგან დაზარალებულთა დახმარებისთვის შეიძლება მიიმართოს. ის მოქალაქეები, რომელთა დახმარება უკვე განსაზღვრული პროგრამებით ვერ მოხერხდება, შესაძლებელია შემდეგ გადაწყვეტილება იქნას მიღებული და ამ ფონდიდან მოხდეს მათი დამატებით დახმარებების პაკეტის შემუშავება,“-აცხადებს კაკაურიძე.