"შრომის ანაზღაურების ფონდს შემცირება ეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების დაკლება ხდება"

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ნაწილი შემცირდა, თუმცა ეს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის დაკლების ხარჯზე არ მომხდარა. როგორც კაკაურიძემ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრ მარიამ ჯაშის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შრომის ანაზღაურების ფონდი ვაკანტური თანამდებობების რესურსების ხარჯზე შემცირდა.

„შრომის ანაზღაურების ფონდს შემცირება, რა თქმა უნდა, ეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასების დაკლება ხდება საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის. მარტიდან შევზღუდეთ ახალი კადრების აყვანის ნაწილი, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ იყო, შესაბამისად, შემცირება ხდება ვაკანტური თანამდებობების რესურსის ხარჯზე და იმის ხარჯზე, თუ სადმე იყო დარჩენილი საპრემიო რესურსი“, - განაცხადა კაკაურიძემ.