რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ

რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ თავად იდეის ავტორები ავრცელებენ.

„რიყის პარკში ივლისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ უზარმაზარი საჰაერო ბუშტით ფრენა 150 მეტრის სიმაღლეზე. ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთია, საჰაერო ბუშტი 30 ადამიანს იტევს. ფრენა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, რადგან საჰაერო ბუშტი მიწაზე საიმედოდ დაბმულია და მუშაობს ჰელიუმის მეშვეობით. გაშვება 5 ივლისს იგეგმება, მაგრამ ამინდზე იქნება დამოკიდებული და ზუსტ თარიღს შეგატყობინებთ,“-წერენ Airballoontbilisi-ს „ფეისბუქ“ გვერდზე.

რაც შეეხება ფასს, მათი ცნობით, საჰაერო ბუშტით ფრენა საქართველოს მოქალაქეებისთვის - 35 ლარი, ხოლო ტურისტებისთვის - 50 ლარი იქნება. ბილეთების შეძენა კი ადგილზე იქნება შესაძლებელი.

თაია არდოტელი