პანდემიის დროს მსოფლიოში შაქრის მოხმარება შემცირდა

წლების განმავლობაში, მთავრობები, ექიმები და ცნობილი ადამიანები გვირჩევენ, რომ შაქრის მოხმარება შევამციროთ. მაგრამ, ამაოდ. ახალი კორონვირუსის პანდემიამ კი ეს პრობლემა მცირე ხნით მოაგვარა.

რესტორნების, სპორტული არენების, კინოთეატრების მსოფლიო მასშტაბით დახურვას, შაქრის შემცველი პროფუქტების მოხმარების მკვეთრი კლება მოჰყვა. უფრო მეტიც, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბოლო ოთხ ათწლეულში, შაქრის მოხმარება წელს პირველად დაიკლებს.

სტატისტიკა უჩვენებს, რომ მკვეთრად შემცირდა „კოკა-კოლას“ სასმელების და „ნესტლეს“ ტკბილეულის გაყიდვები. მართალია, ეკონომიკები თანდათან უბრუნდება ჩვეულ რიტმს, მაგრამ ჯერ არავინ იცის, შემოსავლები და დასაქმება უწინდელ დონეზე როდის დაბრუნდება.

ჯგუფ ჟარნიკოვის ლონდნური ოფისის ანალიტიკოსი ბენ სიდი ამბობს, რომ ჩვეულებრივ, შაქრის შემცველი პროდუქტების მოხმრება გარეთ უფრო ინტენსიურია, ვიდრე სახლში. კინოთეატრებში გაზიან სასმელებს უფრო ინტენსიურად მოიხმარენ, ვიდრე შინ, ტელეეკრანთან ყოფნისას.

კორონავირუსის პანდემიამდე, შაქრის გლობალურ ბაზარზე კლება შეინიშნებოდა, რაც მეტწილად იმით იყო გამოწვეული, რომ აფრიკის და აზიის ქვეყნების მთავრობები, შაქრის შემცველ სასმელებზე გადასახადებს ზრდიან. კომპანიები კი ამის საპასუხოდ, თავიანთ პროდუქტებში შაქრის შემცველობას ამცირებენ. მაგრამ ამ ყველაფერს შესამჩნევი ეფექტი მაინც არ ჰქონდა, სანამ პანდემია მსოფლიოს მოსახლეობას სახლში გამოკეტავდა.

აპრილის პირველ სამ კვირაში, „კოკა-კოლას“ გაყიდვების მოცულობა 25 პროცენტით დაეცა. მეორე კვარტალში შემოსავლების მკვეთრ კლებას ელის „პეპსი“. გერმანიაში, რომელიც შაქრის მოხმარების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, ტკბილეულის მწარმოებლების ჯგუფი აცხადებს, რომ გაყიდვები მკვეთრად არის შემცირებული.

მიწოდების ჯაჭვების მომსახურებაზე სპეციალიზებული კომპანია „ჟარნიკოვი“ ვარაუდობს, რომ ამ სეზონზე შაქრის მოხმარება მსოფლიოში 1.2 პროცენტით, 169.9 მილიონ ტონამდე შემცირდება. მსგავსი პროგნოზები აქვთ აშშ-ის მთავრობას და „სიტიგრუპს“. უფრო მეტიც, შაქრის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ბაზარზე უფრო მეტი კლებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, დაიკლებს ფასები.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ მომავალ სეზონში შაქრის მოხმარება 3.6 პროცენტით გაიზრდება და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს. ამ პროგნოზს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, შაქრის მოხმარება იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამის მიზეზი კი ამ ქვეყნებში მოსახლეობის და საშუალო კლასის სწრაფი ზრდაა.