10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - აჭარის მთავრობა ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონებს აცხადებს

საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს. ბიზნესისთვის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება უკვე მზად არის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტების მინიმალური საინვესტიციო ღირებულბა 22 600 000 ლარია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება მოეხდინა საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება.

„არც ერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე. სამინისტრომ უნდა განაგრძოს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა”, -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.