საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ქვეყანას კორონავირუსის მეორე ტალღის დროს შეზღუდვების დაწესება არ მოუწევს, ეს იქნება გამარჯვება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკაში ჟანგბადი მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი დატოვა.
„ჩვენ მიზანი გვაქვს, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი იმის, რომ ჩვენ დაგვჭირდეს მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ეს უკიდურესად მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ეს არის ერთადერთი საბოლოო შედეგი, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მსგავსი შეზღუდვები აღარ უნდა დაგვჭირდეს, ეს იქნება გამარჯვება. თორემ ახლა ჩვენ რომ ვირუსს ვმართავთ და არ გვაქვს ინფიცირებულების და გარდაცვალების ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სხვა ქვეყნებს, ამის ფასი ძალიან შემცირდება, თუ კიდევ ერთხელ მოგვიწია და ამაში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ფასი გადავიხადეთ. ჯერ ჩვენ ეს ეკონომიკური ფასი არ გადაგვიხდია. არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ საქართველოში ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით სრული კარანტინი არ გამოცხადებულა. მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობა იყო, სისტემური სამრეწველო კომპანიები მუშაობდნენ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი დღითაც არ გაჩერებულა. ჩვენ ქვეყანაში შუქი არ ჩაგვიქრია, არ გაგვიკეთებია ისე, რომ ჩვენს მოქალაქეს გარეთ ქუჩაში გამოსვლა შეგვეზღუდა, მხოლოდ „კომენდანტის საათის“ დროს იყო საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე. ჩვენ ეს ჟანგბადი ეკონომიკაში დავტოვეთ იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდით ბალანსზე. ეს ოქროს შუალედი, ბალანსი არის წარმატების ოქროს გასაღები“, - განაცხადა გახარიამ.