„აპტოსი“ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ბაზარზე შედის

წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, „აპტოსის“ ძაფები უკვე გაერთიანებულ სამეფოში გაიყიდება. ქართული ბიზნესის ექსკლუზიური პარტნიორი კომპანია „ნოვუს მედიკალი“ გახდა, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია ესთეტიკური მედიცინის ცნობილ ბრენდებს წარმოადგენს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. კომპანია ასევე ხელს უწყობს ბიზნესს ტექნოლოგიურ გადაიარაღებაში, ატარებს სპეციალიზებულ ტრენინგებს და უწევს ფინანსურ მხარდაჭერას.

„აპტოსი“ კანის გადასაჭიმ უნიკალურ ძაფებს 1996 წლიდან აწარმოებს. იდეის ავტორები პლასტიკური ქირურგები მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეები არიან. ქართველმა ექიმებმა ქირურგიული ძაფის მოდიფიკაცია მოახდინეს და პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში უნიკალური მეთოდები დანერგეს. მათვე ეკუთვნით პატენტი და საავტორო უფლება პირველ კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკურ მედიცინაში. აპტოსი ასევე არის პირველი სერიული წარმოების გამაახალგაზრდავებელი ძაფი. იგი არის პირველი ქართული პროდუქტი, რომელმაც CE ნიშანდება დაიმსახურა პროდუქციის ევროპის ბაზარზე საექსპორტოდ. პროდუქტს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, ქართველი ექიმები კი ამერიკის, საფრანგეთის, რუსეთისა და იაპონიის პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრები არიან.

„აპტოსი“ მსოფლიოს 5 კონტინტენტის 75-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2020 წელს სრულდება პროდუქტის რეგისტრაციის პროცესი ბრაზილიაში, რაც ქართულ პროდუქტს ერთ-ერთ უდიდესი ბაზრის კარს გაუღებს. 2018 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით აპტოსს გადაეცა მიწა ქარხნის ასაშენებლად, რაც ამჟამინდელი, ბერლინში არსებული ქარხნის საქართველოში გადმოტანის საშუალებას იძლევა. 2020 წელს აპტოსი გახდა იბიარდის “Blue Ribbon” პროგრამის გამარჯვებული, რაც ქართული უნიკალური პროდუქტის ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვების საშუალებას იძლევა.

(R)