კონკურენციის სააგენტომ შპს “ჯი-თი მოტორსის” საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.
თემა ეხება კონკურენტი კომპანია შპს “ჯ.თ. მოტორსის” მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს.
საჩივარში საუბარია ავტოტექმომსახურების სფეროში საქმიანობის იდენტურობაზე - როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
„არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, რომელიც ითვლისწინებს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს. შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც - დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინიციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ,“-ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.