„საქართველოს მასშტაბით ყველა სასტუმროში ფასები თითქმის განახევრებულია"

დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა სასტუმროში ფასები თითქმის განახევრებულია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმროები 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნას შემცირებული ფასებით შეხვდნენ და რიგ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის ფასი 50 ლარამდეა.

„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მასშტაბით ფასები თითქმის ყველგან განახევრებულია. ერთადერთი ადგილი, სადაც ფასები გაძვირებულია, არის აბასთუმანი. ასეთი იაფი ბათუმში დასვენება, როგორც ახლაა, არასდროს ყოფილა. თანდათანობით იხსნებიან რეგიონული სასტუმროები, თუმცა წელს ძირითადი მოთხოვნა ბინებსა და კოტეჯებზე იქნება. ადამიანები უფრო დაცულად გრძნობენ აქ თავს, როცა სხვებთან შეხება არ აქვთ და ასევე, რეგულაციებისგან ნაკლებად წუხდებიან,”- აღნიშნა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება გახსნილი სასტუმროების რაოდენობას, როგორც შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, თბილისში სასტუმროები საერთოდ არ გახსნილა და ქვეყანაში არსებული სასტუმროების მხოლოდ 15%-მდე მუშაობს.

“მცირე რაოდენობის სასტუმროებმა მიმართეს გახსნასთან დაკავშირებით. თბილისში მაგალითად არცერთ სასტუმროს არ მიუმართავს, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე აზრი არ აქვს თბილისში სასტუმროს გახსნას. ვის მოემსახურონ, ჭიათურას თუ წყალტუბოს? ამ ეტაპისთვის საქართველოში სასტუმროების 15%-ზე მეტი არ გახსნილა. გახსნა მოთხოვნაზეა დამოკიდებული,” - აღნიშნა მან.

ალავერდაშვილის თქმით, მიმდინარე წელი სასტუმროებისთვის „გადარჩენის წელი“ იქნება.

„არავინ თქვას, რომ წელს ვიღაც თანხას მოიგებს. ეს იქნება უბრალოდ გადარჩენის წელი. ბიზნესი უნდა გადარჩეს. პირდაპირ ვიძახი, ვინც წელს კარს გახსნის და შეინარჩუნებს სასტუმროს, ის ამ სიტუაციაში გმირია და შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესი გადაარჩინა,”-განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. სასტუმროებმა მუშაობის განახლებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების კუთხით შემოწმება უნდა გაიარონ. 15 ივნისის მდგომარეობით, შემოწმებისთვის დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150-ს მიეცა საქმიანობის უფლება, 175-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დრო ითხოვა ინსპექტირებამდე.