თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებზე ეტაპობრივად ველოსიპედების სამაგრები დამონტაჟდება, რათა ველოსიპედის მქონე ადამიანმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეძლოს.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია, შესაბამისად მათ სურთ, რომ საუკეთესო ქალაქების მაგალითები დანერგონ.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა. ასევე, ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს ყველაფერი პრიორიტეტების მიხედვითაა გადანაწილებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი უნდა იყოს და ქალაქში შეზღუდვების გარეშე უნდა მოძრაობდეს. ის სამუშაოები, რაც მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე მიდის, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. არა კერძო ავტომობილი, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ზოგადად, ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება და ქალაქში ბევრი მომხმარებელი ჰყავს. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად ჩვენ გვინდა საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოთ. ალბათ, ბევრს გაქვთ ნანახი, რომ ყველა განვითარებულ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელსაც ველოსპიდების სამაგრი აქვს. ადამიანი, ვინც არის ველოსიპედით, საკუთარ ველოსიპედს დაამაგრებს, აბრძანდება ავტობუსში და ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადაადგილებას შეძლებს. მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიონ ეს სამაგრები და ეტაპობრივად ავტობუსებზე დაყენება დავიწყოთ, რომ ადამიანებს ველოსიპედით ქალაქში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.