გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა - ვაკის პარკამდე მონაკვეთში კი ბოლო ფენის დაგება-მოასფალტება დაიწყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის შშმ პირათვის პანდუსებისა და ველობილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 10 დღის ვადაში დასრულდება.

კახა კალაძემ ასევე ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოასფალტება მთლიანად დასრულებულია და ამ დროისათვის ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.

„მინდა მოგახსენოთ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე თუ რა მდგომარეობა გვაქვს. დავიწყებ გლდანიდან, თქვენ იცით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დღეს უკვე ორივე ამსვლელი და ჩამომსვლელი ქუჩა ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩები დასრულებულია ზედა ფენებში. საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი სამუშაოები, რაც იყო ყველაფერი არის დამთავრებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად პროექტი დასრულებულია. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობის სამუშაოები, სრულდება ველობილიკების მოწყობა, ასევე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და ბოლოს უკვე მოხდება დახაზვითი სამუშაოები, იქნება საავტობუსე შესაბამისი ზოლები, მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურა და განსხვავებულად იმოძრავებენ ავტობუსები. ის სამუშაოები, რაზეც ახლა ვსაუბრობდით პარალელურად გაგრძედება და 10 დღის ვადაში იქნება დასრულებული.

ასევე დავასრულეთ ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც არ იყო კარგ მდგომარეობაში, ასევე პანდუსის ნაწილი, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და პრობლემას წარმოადგენდა ავტობუსებისთვის და კერძო ავტომობილებისთვის მთლიანად იქნა განახლებული ის მონაკვეთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აქაც უკვე მოასფალტება მთლიანად დასრულებულია. ამ დროისთვის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ქვის ფილებით მოპირკეთდება და ადაპტირება მოხდება შშმ პირთათვის. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დაყენდება ლედსანათები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ვაკის პარკამდე მონაკვეთში უკვე დაიწყო ბოლო ფენის დაგება-მოასფალტება. ,“ის დარჩენილი მონაკვეთი, 2 დღის განმავლობაში, ორშაბათისთვის მთლიანად დასრულებული იქნება. პარალელურად, რა თქმა უნდა, გრძელდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, გამწვანებითი სამუშაოები და ბოლო ეტაპზე უკვე იქნება დახაზვები“, - განაცხადა კალაძემ.