სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი - ამ სეზონზე უცხოეთიდან არავის ველოდებით, რეალური ჯავშნები 2021 წლის მაისიდან იწყება

1-ელი ივლისიდან უცხოეთიდან არავის ველოდებით. რეალური ჯავშნები 2021 წლის მაისიდან იწყება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

როგორც შალვა ალავერდაშვილი საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით აცხადებს, 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების მოლოდინი ისრაელიდან იყო, თუმცა საკითხის გადაწყვეტა გადაიდო.

“1-ელი ივლისიდან უცხოეთიდან აღარავის ველოდებით. ისრაელიდან ველოდებოდით ტურისტებს და გადაიდო ურთიერთობა. ისრაელი სავარაუდოდ, 20 აგვისტოდან აქტიურობს. მოლაპარაკების რეჟიმზე ვართ და დადასტურებული არაფერი არაა. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მოთხოვნები მოდის ტაილანდიდან და სამხრეთ კორეიდან სექტემბრის შუა რიცხვებიდან. არანაირი პროგნოზი არ გვაქვს, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი როდის გაიხსნება.

ევროპიდან სტუმრების დიდ ნაკადს არც ველოდებით. ყველა ჯავშანმა 2021 წლისთვის გადაიწია,” - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიღება ანონსდება. ამასთან, ისრაელი სახელდებოდა პირველ ქვეყნად, საიდანაც საქართველო პირველ საერთაშორისო ტურისტებს მიიღებდა, თუმცა ისრაელში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობს გაუარესების გამო აღნიშნულმა თარიღმა გადაიწია.