2019 წელს მაცივრებში 232.4 ათასი ტონა პროდუქცია იყო შენახული

2019 წელს საქართველოში 109 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (50.5 პროცენტი) განთავსებული. საქსტატის მონაცემებით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (11.0 პროცენტი), კახეთის (10.1 პროცენტი), ქ. თბილისში (9.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (8.3 პროცენტი), იმერეთის (5.5 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (2.8 პროცენტი), გურიის (1.8 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (0.9 პროცენტი) რეგიონში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 516 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 359 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 994 კაცით განისაზღვრა.

„2019 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 232.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 61.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.0 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 6.8 პროცენტი - თევზეული, 2.1 პროცენტი რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 2.1 პროცენტი უკავია.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2019 წლის განმავლობაში შესყიდულია 19.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 13.2 მლნ. ლარი შეადგინა. 2019 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 149.0 მლნ. ლარის ღირებულების (35.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (44.3 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 88.5 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (59.5 პროცენტი), ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (19.0 პროცენტი) და თევზეული (16.2 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 3.8 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი, თევზეული და ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.9 პროცენტს, თებერვალში - 55.9 პროცენტს, მარტში- 53.3 პროცენტს, აპრილში - 47.0 პროცენტს, მაისში - 53.7 პროცენტს, ივნისში - 52.4 პროცენტს, ივლისში - 50.1 პროცენტს, აგვისტოში - 53.0 პროცენტს, სექტემბერში - 49.8 პროცენტს, ოქტომბერში - 52.9 პროცენტს, ნოემბერში - 53.9 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 54.1 პროცენტს.

სამაცივრე მეურნეობების 50.5 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 45.0 პროცენტი - სრულად, ხოლო 4.6 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 63.3 პროცენტი. აქედან, 29.0 პროცენტს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 60.9 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10.1 პროცენტს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი