კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სარეკლამო ბაზარი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან ზრდა დაიწყება - ამის შესახებ აღნიშნულია Magna Global-ის, IPG Mediabrands-ის სამმართველოს მიერ ჩატარებული კვლევაში.
კვლევის მიხედვით, წელს გლობალური სარეკლამო ბაზარი დაახლოებით 7%-ით, 582 მილიარდი დოლარიდან 540 მილიარდ დოლარამდე შემცირდება. გარე რეკლამიდან, სატელევიზიო, რადიო, ბეჭდვითი რეკლამიდან შემოსავალი კი 16% -ით, 238 მილიარდ დოლარამდე დაიკლებს.
კვლევის ავტორების პროგნოზით, მცირედით, 1%-ით გაიზრდება ციფრული რეკლამიდან შემოსავლები (ძიება, ვიდეო, სოციალური ქსელები, ბანერები), და 302 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ პანდემიის გამო, მომხმარებლები მეტ დროს ატარებენ ინტერნეტთან და უფრო აქტიურად იყენებენ სმარტფონებს.
Magna Global-ის მიხედვით, სატელევიზიო რეკლამიდან შემოსავლები 12% -ით დაეცემა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სპორტული გადაცემების არარსებობაა. ბეჭდვით მედიაში შემოსავლები 32%-ით, რადიო რეკლამის გაყიდვები კი 15% -ით დაეცემა - აღნიშნულია ანგარიშში.
ექსპერტები რეკლამის ყველაზე მნიშვნელოვან ვარდნას კინოთეატრებში პროგნოზირებენ, დაახლოებით 40%-ს.
თუმცა კვლევის ავტორები თვლიან, რომ 2021 წლიდან სარეკლამო ბაზარი ისევ გამოცოცხლდება და ამაზე ძირითად გავლენას სპორტული ღონისძიებები მოახდენს. ანგარიშის მიხედვით, მომავალ წელს სარეკლამო შემოსავლები 6,1%-ით გაიზრდება.