თბილისის მერია ვარკეთილში, ე.წ. შერეულ ბაზარში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.
როგორც თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე დღეს მერიაში იმსჯელებენ, თუ რა ფორმით და როგორ დაეხმარებიან დაზარალებულებს.
"საბედნიეროდ, "ირაოს" მიერ არის დაზღვეული ეს ბაზრობა. რამდენადაც ცნობილია, ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას. დღეს კიდევ ვხვდებით, 2 დღეა მიმდინარეობს შეხვედრები დაზარალებულებთან. დღეს პირველ საათზე შევხვდებით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავუდგებით გვერდით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უმრავლესობა დაზღვეულია, რაც ძალიან კარგია. თუ ვინმე დარჩა, ვინც არ არის დაზღვეული და სჭირდება დახმარება, ამასაც გავივლით დღეს", - განაცხადა ელოშვილმა.
კითხვაზე, რა სახით დაეხმარება მერია დაზარალებულებს, ელოშვილმა განმარტა, რომ მერია მათ არ მიატოვებს და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.
"ჩვენ, არ მივატოვებთ ამ ადამიანებს. თუ ვინმეა დაზღვეული, მაქსიმალურად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით დავეხმაროთ", - აცხადებს ელოშვილი.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, ვარკეთილში, ე.წ. შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაზარალებულია ათობით მოვაჭრე.