ავსტრალია საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე არ გახსნის

ავსტრალია საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს, დიდი ალბათობით, მომავალ წლამდე არ გახსნის, - ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა საიმონ ბირმინგენმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება სტუდენტებისა და სხვა გრძელვადიანი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამარტივებას განიხილავს.

მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის დაწესებული კარანტინის 14-დღიანი რეჟიმი, სავარაუდოდ, სტუდენტებსა და სხვა გრძელვადიან ვიზიტორებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო განათლება ავსტრალიისთვის უცხოური ვალუტის შედინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა და ქვეყანაში ამ გზით ყოველწლიურად 38 მილიარდი ავსტრალიური დოლარი შედის.

ცნობისათვის, ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 7 300-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 102-ია.